ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის იდეას მხარს არ უჭერს. CNN-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააკეთა.
"აშშ-ს არ სურს რუსეთის დისიდენტებისა და სხვებისთვის, რომლებიც დაუცველები არიან ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, გადაკეტოს თავშესაფრისა და უსაფრთხოების გზები. ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის მთავრობის ქმედებებსა და მის პოლიტიკას უკრაინაში და რუსეთის ხალხს შორის ზღვრის გავლება", - ნათქვამია სპიკერის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, "აშშ-მ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად იმუშავა, რათა დააწესოს ხარჯები, მათ შორის სავიზო შეზღუდვები კრემლის ოფიციალური პირებისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის".
"2022 წლის 24 თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა გადადგა ნაბიჯები სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად და ე.წ. შავ სიაში თითქმის 5000 ადამიანი მოხვდა. ჩვენ ვეძებთ ყველა ინსტრუმენტს კრემლის პასუხისგებაში მიცემისთვის", - ამბობენ სახ.დეპში.
***
რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში შესვლის აკრძალვის საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.
შესაბამისი ინიციატივით დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. ასეთი მოწოდებებით უკრაინის მთავრობის სხვა წევრებიც გამოვიდნენ. ესტონეთმა შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები დახურა. ასევე ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეწყვიტა. ანალოგიური გადაწყვეტილება ბულგარეთმაც მიიღო და რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა. 17 აგვისტოს ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემაც შეწყვიტა.
***
აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ ავიაკომპანიებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ფრენები აეკრძალათ, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ახლაც ახერხებენ საზღვარგარეთ მოგზაურობას და ვიზების მოთხოვნას.
მაგალითად, ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს. ფინეთის პრემიერმინისტრის სანა მარინის ინიციატივა ტურისტულ ვიზებს ეხება. სანა მარინის განცხადებით, რუსეთის აგრესიის პირობებში, ამ ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალი და უპრობლემო მოგზაურობა ევროპაში არ უნდა გაგრძელდეს. მარინი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ამ საკითხზე ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"არასწორია, რომ იმ დროს, როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ, სასტიკ ომს ევროპაში, მისი მოქალაქეები ახერხებენ ნორმალურ ცხოვრებას, ევროპაში მოგზაურობას, ტურისტებად ყოფნას. ეს არასწორია", - თქვა მარინმა.