logo
ENG



ერასმუსის სტუდენტები და კურსდამთავრებულები პარლამენტს მიმართავენ, არ მიიღოს რუსული კანონი

06 მარ 202313:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/06/5jvkg580f6sgf2f.jpg

ერასმუს მუნდუსის და ერასმუს+-ის გაცვლითი პროგრამების სტუდენტები და კურსდამთავრებულები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და პარლამენტს მიმართავენ, არ მიიღოს რუსული კანონი.

მათი თქმით, კანონპროექტი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციურია - იგი აზიანებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, დემოკრატიულ განვითარებას და ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების ნებას.

მათივე განცხადებით, როცა შესაძლებლობის ფანჯარა ისევ ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ქვეყნისგან 12 რეკომენდაციის შესრულებას ელოდება, რუსული კანონპროექტის არათუ მიღება, განხილვაც კი აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, პროდასავლურ მისწრაფებებსა და ქვეყნის ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან - ევროკავშირთან და აშშ-სთან.

"ხელმომწერები სწორედ ევროპის კავშირის ფინანსური მხარდაჭერით ვსწავლობთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, სადაც ჩვენი სწავლის გადასახადი, ისევე, როგორც ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები სრულად არის დაფინანსებული. ათასობით ახალგაზრდას საქართველოდან გვეძლევა უნიკალური შანსი მივიღოთ ევროპული დონის განათლება და აკადემიური ხარისხი უფასოდ, მაღალკონკურენტულ გარემოში და ამით ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის შენებას სხვადასხვა დარგის მიმართულებით.

შესაბამისად, ჩვენ, ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო და Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამების სტუდენტები/კურსდამთავრებულები, ვუერთდებით სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის პოზიციას და მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი ზემოაღნიშნულ კანონს – დაიცავით საქართველოს კონსტიტუცია, გაატარეთ მოქალაქეების ნება და იმოქმედეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.


close დახურვა