საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის არსებულ შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ვისაც დიალოგში პოლიტპატიმრების თემის შეტანა სურს დიალოგის პროცესში, ის კონსესუსის წინააღმდეგია.
„ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. სხვათა შორის, იმ ოპოზიციის ნაწილმა, რომელიც ამ თემებით მანიპულირებს, რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ შეთანხმების ტექსტსა და პროცესში არ ყოფილა პოლიტპატიმრებზე ყურადღება გამახვილებული და ვფიქრობ, ამ მხრივ კითხვის ნიშნები არ არსებობს. ვისაც სურს, რომ ეს თემა დიალოგის პროცესში შემოიტანოს, ის განწყობილია, რომ კონსენსუსი არ იყოს განხორციელებული“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის:
რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მხარეებს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიშიც მოუწოდებს.
,,ველი, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტში მიღწეული შეთანხმების პირობებს, მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს ახალი საარჩევნო სისტემის მიმართულებით'',- წერს ამერიკელი სენატორი.
მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი კი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფასილიტატორთა განცხადებას ეხმაურება. როგორც ადამ კინზინგერი ტვიტერის სოციალურ ქსელში წერს, ის მიესალმება მედიატორთა განცხადებას. ელჩებმა საერთო განცხადება გაავრცელეს - ისინი მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
ელჩების განცხადებას წინ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი უძღოდა, სადაც განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია. სწორედ თალაკვაძზემ მოუწოდა ელჩებს გაემჟღვანებინათ შეთანხმებაში პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული საკითხი.
გარდა ამისა, თამარ ჩუგოშვილი აფრთხილებს მთავრობას, რომ მიღწეული შეთანხმების კიდევ ერთხელ ჩაგდება მისი იმიჯისთვის დამღუპველი იქნება. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თავადაც ადასტურებს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე საუბარს. მისი თქმით, ეს ეხებოდა პოლიტიკოსებსა და მედიამენეჯრებს, ასევე, მედიასაშუალებების მფლობელებს.