ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე კითხვას, გიორგი გახარიას "ნარკომანობის" შესახებ ირაკლი კობახიძესთან ამისამართებს და აცხადებს, რომ თავად მხოლოდ საარჩევნო კამპანიითაა დაკავებული.
კახა კალაძეს ფორმულას ჟურნალისტმა შეახსენა კობახიძის განცხადება, რომ გახარიას "ქალმა გაასინჯა კოკაინი" და ჰკითხა, იზიარებდა თუ არა ამ პოზიციას?
"ირაკლის კითხეთ, უფრო დეტალურად მოგახსენებთ. მე არ ვიცი, იმიტომ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში დაკავებული ვარ საარჩევნო კამპანიით. ხედავთ, უამრავი შეხვედრები მაქვს. ვსაუბრობ თბილისზე, საარჩევნო გეგმებზე", - თქვა კალაძემ.
ჟურნალისტმა მას ისევ ჰკითხა, "ხომ არ ფიქრობთ, რომ ჭორაობაა ამ თემაზე საუბარი ირაკლი კობახიძის მხრიდან, რადგან არ არსებობს ფაქტები?" - რაზეც კალაძემ ისევ გაიმეორა: "ამიტომ გეუბნებით, ირაკლის კითხეთ".
ნარკოტესტზე ლაპარაკი თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როცა თქვა, რომ თავად "სუფთაა" და სხვა კანდიდატებსაც ანალიზის გაკეთებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, გახარიამ განაცხადა, რომ მის ნარკოტესტთან დაკავშირებით მმართველი გუნდი გარკვეულ პროვოკაციას გეგმავდა, რის შემდეგაც მან, ნარკოტესტის ჩასაბარებლად ევროპაში წასვლა გადაწყვიტა. 17 სექტემბერს გახარიამ ავსტრიაში ჩატარებული ნარკოტესტის პასუხები გააასაჯაროვა, რის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერი ნარკომომხმარებელი არ არის.
ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება პარტიის დატოვების შემდეგ დაიწყო.
გუშინ, 23 სექტემბერს კობახიძემ თქვა, რომ ოცნებაში კონკრეტული სახელი და გვარი იციან, თუ ვინ გაასინჯა ყოფილ პრემიერმინისტრს კოკაინი.