logo
ENG



კრამერი რუსულ კანონზე: რამდენიმე მიზანი არსებობს მისი მიღებისთვის, არცერთი პოზიტიური არაა

04 მარ 202312:27
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსულმა კანონმა, შესაძლოა, დააზიანოს საქართველოს მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი. მისი თქმით, ხელისუფლებამ იცის, რომ ამას უარყოფითი რეაქცია მოჰყვება ევროპასა და აშშ-ში.

"ახლა უკვე აღარ ვარ დარწმუნებული, მართლა სურს თუ არა საქართველოს მთავრობას, რომ ამ დასავლური მიმართულებით წავიდეს და თუ მაინც სურთ, მაშინ ეს არასწორი ნაბიჯია. ასე რომ, ვფიქრობ, რამდენიმე მიზანი არსებობს ამ კანონპროექტის მიღებისთვის, არცერთი მათგანი პოზიტიური არ არის", - თქვა კრამერმა.

კრამერის თქმით, მნიშვნელოვანია, ინდივიდუალური სანქციები დაუწესდეს ყველას, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიაზე.

"დიდი ხანია ვამბობ, რომ ინდივიდუალური სანქციები, რაც ნიშნავს ვიზაზე უარის თქმას და ანგარიშების გაყინვა, არის იმის გზა, ნათელი გახდეს ამ ინდივიდუალური პირებისთვის, რომ ასეთი ქმედებების მოთმენა არ მოხდება. ეს არ ხდება ქვეყნის თუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის მიზანმიმართული სანქციები კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ვინც საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიაზეა პასუხისმგებელი", - აღნიშნა მან.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.

 

 


close დახურვა