logo
ENG



ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის განხილვა ხუთშაბათის ნაცვლად დღეს დაიწყო

07 მარ 202315:28
3 წუთის საკითხავი
 
ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის განხილვა ხუთშაბათის ნაცვლად დღეს დაიწყო

ქართული ოცნება უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის განხილვას პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად დღეს, სამშაბათს იწყებს. 

ინიციატივით ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე გამოვიდა. 

"დავიწყოთ განხილვა აგენტების ამერიკული კანონის და გავაგრძელოთ ხუთშაბათს. მე ამას გთავაზობთ იმიტომ, რომ მოესწროს და რაღაცა გადახვეული და რეგლამენტის ცუდად გამოყენების არ მოხდეს პროცესის ჩაშლა. დავიწყოთ და თუ გადავა ხუთშაბათს, გადავიდეს. თავდაცვის კოდექსი რადგანაც არ გამოდის, ბოდიში უხერხული მდგომარეობის შექმნისათვის, მაგრამ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ეს უნდა იყოს პრიორიტეტი", - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის სიტყვების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ამ კანონპროექტის განხილვასა და დებატებს ხალხი ელოდება.

"მე პირადად ამასთან, რაიმე წინააღმდეგობა არ არის და მგონი, ჯობია, რომ დავიწყოთ", - განაცხადა სპიკერმა.

გარდა ამისა, მამუკა მდინარაძემ დაამატა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მთელი კვირის განმავლობაში ბოიკოტის შესახებ გამოაცხადა და "იმას ვერ იტყვიან, რომ ხუთშაბათს მოვდიოდით და არ ვიყავით სამშაბათს":

"ეს არგუმენტი ვერ იქნება, რომ მათ გარეშე განვიხილეთ შეგნებულად". 

 ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ მოითხოვა, რომ საკითხის დაჩქარებულად განხილვამდე შესვენება გამოცხადებულიყო, თუმცა ქართულმა ოცნებამ მისი მიმართვა არ გაითვალისწინა.

დეპუტატ თამარ კორძაიას თქმით, ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა გაცხადებული, რომ რუსული კანონის განხილვას სასესიო დარბაზში დაესწრებოდა:

"დღეს თუ შეგნებულად აკეთებთ იმას, რომ ვერ შემოვიდნენ, თქვით. იქნებ დრო მაინც მივცეთ, რომ მოვიდნენ. ხუთშაბათისთვის ემზადებოდნენ, რადგანაც თქვენი საჯარო განცხადება იყო ასეთი".

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქართული ოცნების ეს ნაბიჯი საზოგადოების კიდევ ერთი დამცირებაა.

"მე ხომ ვარ ამ დარბაზში. რას ეუბნებით ჩემს კოლეგებს, რომ დარბაზში შემოსვლა არ შეუძლიათ და განხილვაში მონაწილეობა არ შეუძლიათ?".

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.


close დახურვა