შეხვედრაზე კონკრეტულ სამართლებრივ საქმეებზე შედგა შეთანხმება - ამას ადასტურებს „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი რომელიც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის არსებულ მოლაპარაკეკბებში მონაწილეობდა.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დაპირების შესრულება არ სურს და უნდა, რომ არჩევნები არსებული შერეული სისტემით გაიმართოს.
როგორც პარლამენტის წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, შეთანხმების დოკუმენტში ნახსენები იყო პრეზიდენტი, რაც შეწყალების მექანიზმის გამოყენებას გულისხმობდა.
„როგორც ჩანს, უმრავლესობამ, თითქმის ყველამ, 20 ადამიანი იყო იქ და ორის გარდა, ერთნაირად გაიგო შეთანხმების შინაარსი. პრეზიდენტის შესახებაა ჩანაწერი და პრეზიდენტის ხსენება გულისხმობდა, რომ შეწყალების მექანიზმი იქნებოდა გამოყენებული. კიდევ არის წინადადება, რომ წარსულში რამაც კითხვები გააჩინა, იმი საქმეებზე იქნება გარკვეული ნაბიჯები და მომავალში თავიდან იქნება მსგავსი აცილებული“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეთანხმება შესრულდეს, რათა არჩევნებმა ნორმალურ პოლიტიკურ გარემოში ჩაიაროს.
„რაც დიპლომატიურად შეფუთეს საელჩოებმა, მკვეთრად განაცხადა სენატორმა. სწორედ იმიტომ, რომ ნორმალურ პოლიტიკურ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, აუცილებელია შესრულებული შეთანხმება შესრულდეს. ფაქტია, რომ შეთანხმეება შედგა არამხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებთან, არამედ პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის:
რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მხარეებს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიშიც მოუწოდებს.
მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი კიოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფასილიტატორთა განცხადებას ეხმაურება. როგორც ადამ კინზინგერი ტვიტერის სოციალურ ქსელში წერს, ის მიესალმება მედიატორთა განცხადებას. ელჩებმა საერთო განცხადება გაავრცელეს - ისინი მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
ელჩების განცხადებას წინ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი უძღოდა, სადაც განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია. სწორედ თალაკვაძზემ მოუწოდა ელჩებს გაემჟღვანებინათ შეთანხმებაში პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული საკითხი.
გარდა ამისა, თამარ ჩუგოშვილი აფრთხილებს მთავრობას, რომ მიღწეული შეთანხმების კიდევ ერთხელ ჩაგდება მისი იმიჯისთვის დამღუპველი იქნება. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თავადაც ადასტურებს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე საუბარს. მისი თქმით, ეს ეხებოდა პოლიტიკოსებსა და მედიამენეჯრებს, ასევე, მედიასაშუალებების მფლობელებს.