აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს თავდასხმაა სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე.
კომისიაში ამბობენ, რომ თუ კანონპროექტს მიიღებენ, ეს ხაზს გაუსვამს ქართული დემოკრატიის სწრაფ დაცემას.
ჰელსინკის კომისია ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს ანტიდემოკრატიული უწოდებს.
"დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ქართველმა ხალხმა მკაფიოდ და თანმიმდევრულად გააკეთა არჩევანი დემოკრატიული, ევროატლანტიკური გაერთიანების სასარგებლოდ. თუმცა, ანტიდემოკრატიული, რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონი თუ ამოქმედდა, ამით უარყოფილი იქნება ქართველი ხალხის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები და გამოიკვეთება ქართული დემოკრატიის სწრაფი დაცემა. ეს ასევე აჩვენებდა იმას, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო მეტად მხარს უჭერს რუსეთს - ზუსტად იმ ქვეყანას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს, იტაცებს მოქალაქეებს, უგულებელყოფს სუვერენიტეტს და უკრაინაში გენოციდურ ომს აწარმოებს.
ეს კანონპროექტი, ისევე როგორც მიმდინარე დემოკრატიული ვარდნა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე. 1991 წლიდან შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მტკიცე და დაუღალავი მეგობარია. ეს არ შეიცვლება, მიუხედავად ხელისუფლების პოზიციისა. ამ მეგობრობის სულისკვეთებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უარყოს შემოთავაზებული კანონპროექტი და დაამტკიცოს მისი დემოკრატიისადმი ერთგულება", - წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
ჰელსინკის კომისიის განცხადებას ხელს აწერენ: კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი, თანათავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი, კომისიის თანათავმჯდომარე, ქვედა პალატის დემოკრატი სტივ კოენი და სენატორი როჯერ ვიკერი.
***
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.
ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.
მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.
კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს".
28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".
რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.
ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.
კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.