აღდგომის ლიტურგიის უცვლელი წესით ჩატარების შემთხვევაში, ჯანდაცვის სპეციალისტები კორონავირუსის მასობრივ გავრცელებაზე საუბრობენ. ინფექციონისტი გიორგი კამკამიძე "ფორმულა ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ დღეს ყველა მოქალაქე საფრთხის წინაშეა. მისი განმარტებით, მაშინ, როდესაც ქვეყანა ვირუსის სწრაფი გავრცელების ეტაპზეა, დამატებითი კერის შექმნა, მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ექიმი მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს.
„ექიმები უნდა მოვემზადოთ ამ ტალღისთვის. სამწუხაროდ, შესაძლებლობა იყო, რომ ეს საფრთხე შეგვემცირებინა, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ ხერხდება გონიერ გზაზე გადასვლა მოლაპარაკებით. კიდევ არის დრო იმისთვის, რომ მოსახლეობამ გააცნობიეროს რა საფრთხის წინაშე ვართ, მით უმეტეს, რომ როგორც სახელმწიფომ, ისე ეკლესიამ მთელი პასუხისმგებლობა გადააბარეს მოსახლეობას“, - აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციონისტი გიორგი კამკამიძე.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.
მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ.
რაც შეეხება საქართველოში შექმნილ ვითარებას, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.
ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
