logo
ENG



მეუფე იაკობი: ხელისუფლებამ დაიბარა მასწავლებლები და თუ წირვაზე წახვალთ სამსახურებს დაკარგავთო

17 აპრ 202016:24
3 წუთის საკითხავი
 

მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება მასწავლებლებს ემუქრება.

იაკობის თქმით, ხელისუფლება მასწავლებლებს სააღდგომო წირვაზე წასვლას ურკძალავს.

„ჩვენთან ეპარქიაში, ხელისუფლებამ დაიბარა საჯარო სამსახურის მასწავლებლები და უთხრა, რომ თუ წახვალთ სააღდგომო წირვაზე, პასუხისმგებელი ვარ რასაც ვამბობ, თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები სამსახურს დაკარგავთო. ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს“, - აცხადებს იაკობი.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ. ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 370 -მდე გაიზარდა , აქედან 79 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 

 ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. გარდა ამისა, 21 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი მანქანებით გადაადგილება. 10 დღით დაიკეტა სასაფლაოებიც.


close დახურვა