ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი დღეს ქალაქში სასურსათო მაღაზიებში არსებულ რიგებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველგან არეულობა იყო.
მეუფე იაკობის თქმით, ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს.
„დღეს გამოვედი ქალაქში და რაც დღეს ხდებოდა, მთელ ქალაქში დავდიოდი და ის რიგები იყო? „სილიოდკები“ ხომ არ ვართ ისე, რომ ჩაგვალაგონ, „კილკის“ იმაში ხომ არ ვართ? სპეციალურად ავრცელებენ, რომ ჩვენ დაგვაბრალონ? დღეს რატომ არ მიხედა ხელისუფლებამ? ყველგან არეულობა იყო და ყველამ თავის საქმეს მიხედოს. ხალხი შეგუებული იყო, რომ არ უნდა წასულიყო და რას აკეთებენ ახლა, ძალით აკეთებენ, რომ გამოვიდნენ“, - განაცხადა იაკობმა.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.
ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. გარდა ამისა, 21 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი მანქანებით გადაადგილება. 10 დღით დაიკეტა სასაფლაოებიც.
