logo
ENG



ამბები, რომლებიც 9 ნოემბერს უნდა იცოდეთ

09 ნოე 202008:37
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/09/vt2ml7gwrqpfq8j.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 9 ნოემბერს უნდა იცოდეთ

 

სპეცრაზმმა მომიტინგეები ორჯერ დაარბია

წყლის ჭავლი მოქალაქეების პროტესტის დასარბევად - სპეცდანიშნულების რაზმმა ცესკოსთან შეკრებილების დასაშლელად წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენა, წინასწარ კი პროტესტის მონაწილეები მხოლოდ მეორედ გამოყენებამდე გააფრთხილა.

ამის მიუხედავადაც, პროტესტის მონაწილეებს ცესკოს მიმდებარე ტერიტორია არ დაუტოვებიათ. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც. სპეცდანიშნულების რაზმმა ტელე-ოპერატორებს წყლის ჭავლის დამიზნებით გაუხსნა. 

 

წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი ცესკოსთან

წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა სპეცრაზმმა მოქალაქეების დასაშლელად პირველ ჯერზე, როცა ცესკოსთან საპროტესტო მსვლელობის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო მისული. აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. ცესკოსთან შეკრებილების თქმით, დარბევის დაწყებამდე, არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ.

თვითმხილველების თქმით, სპეცრაზმმა აქციაზე შეკრებილების წინააღმდეგ, წყლის ჭავლის შემდეგ, ცრემლმდენი გაზიც გამოიყენა. პროტესტის გამოსახატავად ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციასთან ათეულობით მოქალაქე მსვლელობით მივიდა. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გადაყენებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. 

 

ანა ბარათაშვილი - „ფორმულას" ჟურნალისტი

ათეულობით მოქალაქე დაშავდა წყლის ჭავლის გამოყენებით აქციის დარბევის დროს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. დაშავებულებს შორის აქციის მონაწილეებთან ერთად, მედიის წარმომადგენლები და სამართალდამცველებიც არიან. დარბევის დროს დაშავდა ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი - ანა ბარათაშვილი. მას წყლის ჭავლის სახეში მოხვდა, რა დროსაც მედიისთვის განკუთვნილი ავტომობილიდან გადმოვარდა.


დაშავებულია დროების ოპერატორი გიორგი ჯაფარიძეც, რომელსაც დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ასევე დაშავდა ტევე პირველის ოპერატორი, რომელსაც თვალი აქვს დაზიანებული.


14 პირი შეიყვანეს გვიან ღამით კავკასიის მედიცინის ცენტრში. მათგან 11 სამართალდამცველია. ორს ტვინის შერყევა აღენიშნებოდა. სამედიცინო დაწესებულებაში ამ დრომდე მკურნალობას 5 მოქალაქე აგრძელებს. 

 

აქციაზე დაკავებულები

20-მდე მოქალაქე დააკავეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ გამართულ აქციაზე. წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი გვიან ღამემდე იმყოფებოდა. მისი თქმით, დაკავებულთა შორის არის მოქალაქე, რომელიც მხოლოდ ეხმარებოდა მომიტინგეებს და  ტანსაცმელი მიჰქონდა მათთან, პოლიციასთან კი არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია. კიდევ ერთ დაკავებულ - დავით ტატიშვილს კი სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. 

 

რა გეგმები აქვთ დღეს ოპოზიციონერებს

საპროტესტო აქცია დღეს პარლამენტთან განახლდება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან საღამოს ექვს საათზე შეიკრიბებიან. აქციის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა გუშინ ცესკოსთან მომხდარი დარბევის შემდეგ დააანონსეს. 


ჩვენი ჟურნალისტი გუგა დვალიშვილი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში, რომელიც უფრო დეტალურად მოგვიყვება დღევანდელი საპროტესტო აქციის გეგმებზე. გუგა ცესკოს მიმდებარე ტერიტორიიდან გვერთვება. გუგა რა ხდება ახლა მანდ და როგორია ოპოზიციის გეგმები. 

 

ოპოზიციის შეფასებები 

ხელისუფლება წყობიდან არის გამოსული და ისტერიკაშია, - ასე აფასებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საპროტესტო აქციის დარბევას. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენება ადასტურებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ გზით კი საპროტესტო ტალღის ჩახშობას ცდილობს. გაერთიანებული ოპოზიცია კვლავ ძალაში ტოვებს საკუთარ მოთხოვნას, რაც ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ცესკოს ხელმძღვანელის გადაყენებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას უკავშირდება.  

 

სამოქალაქო სექტორის შეფასებები

ხელისუფლების მხრიდან დიქტატურისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებენ აქტივისტები ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებს. ისინი მმართველ გუნდს დაუმორჩილებლობასა და ბოიკოტს უცხადებენ და არ აპირებენ აქციების შეწყვეტას. კომენდანტის საათთან დაკავშირებით კი აქტივისტები ამბობენ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ლეგიტიმური ვერ იქნება. ისინი დღევანდელ აქციას 10 საათის შემდეგაც გააგრძელებენ. 

 

შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცრემლმდენი გაზის გამოყენებას უარყოფს. სამინისტროში განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის პარალელურად კეთდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში განმარტეს რომ აქციის მონაწილეებმა ცესკოს ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრა სცადეს, ამიტომაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონის შესაბამისად მოქმედებდა. მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება პროპორციული ზომაა. 

 

კობახიძის მუქარა

მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივანი შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას ითავსებს და ნიკა მელიას კანონის მთელი სიმკაცრით დასჯით ემუქრება - ირაკლი კობახიძე, გუშინ ღამით, ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებს შტურმს უწოდებს და მის მთავარ ორგანიზატორად ნაციონალური მოძრაობის წევრს, ნიკა მელიას ასახელებს.

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს კობახიძე კანონსაწინააღმდეგოდ მოიხსენიებს და საზოგადოებას აქციებზე გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. 

 

ახალი შეზღუდვების ამოქმედება

დღეიდან მოქალაქეებისთვის ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. საღამოს ათი საათიდან დილის 5 საათამდე, დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში შეიზღუდა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით. ყველა ორგანიზაცია იმუშავებს ასევე საღამოს ათ საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.

დიდ ქალაქებში როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღებიც დაიხურა. ასევე შემცირდება მგზავრთა რაოდენობა მუნიციპალურ ტრანსპორტში. ოპოზიციის წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ საკოორდინაციო საბჭოს ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. მათი თქმით, ოპოზიცია დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას დაემორჩილება თუ არა საკოორდინაციო საბჭოს აკრძალვებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აქციები კვლავ გაგრძელდება.


close დახურვა