logo
ENG



ილიაუნის რექტორი რუსულ კანონზე: რეპუტაციულად შეეხება დონორებს, მისი მიღება დაგვაზარალებს

07 მარ 202300:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/07/ijhoiuodvjfrclk.jpg

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის თქმით, რუსული კანონის მიღება, ერთი მხრივ, გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას და მეორე მხრივ, რეპუტაციულად შეეხება უცხოელ დონორებს.

დობორჯგინიძის შეფასებით, ამ კანონის მიღება ძალიან დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის.

ილიაუნის რექტორმა პოსტში ასევე ჩამოთვალა იმ საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილი, რომლებიც პარტნიორების მხრიდანაა დაფინანსებული.

"დღეს გერმანიის ელჩმაც გააკეთა განცხადება და უკვე მერამდენემ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდან გვითხრა, რომ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონი ხელს შეუშლის ჩვენს ინტეგრირებას ევროკავშირთან.

საერთაშორისო პარტნიორების ეს შეფასება უკვე ნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება ძალიან დაგვაზარალებს: ერთი მხრივ, გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, მეორე მხრივ, რეპუტაციულად შეეხება ჩვენს უცხოელ დონორებს, რაც აისახება კიდეც მათ მიერ სხვადასხვა მიმართულების პროექტების დაფინანსების შეზღუდვაზე. ერთიც და მეორეც მძიმე შედეგებს მოიტანს ადამიანის უფლებების, განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის მცირე მეწარმეობისა და სხვა სფეროებზე.

ჩვენი პარტნიორების მხრიდან საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების შეზღუდვა მხოლოდ ერთი ინსტიტუციის, ილიაუნის მაგალითზე რომ წარმოვიდგინოთ, ნიშნავს, არ გქონდეს:

• საერთაშორისო ორმაგი ხარისხის სადოქტორო პროგრამები გიოტინგენის, მიუნსტერის, ჰალეს, მონპელიესა და გენტის უნივერსიტეტებთან;

• საერთაშორისო ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამები გლაზგოსა და ტარტუს უნივერსიტეტებთან; სპეცალური საჭიროებების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო რესურსების შექმნისა და ამ მიმართულებით კვლევების შესაძებლობა; ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამები;

• ინსტიტუციური განვითარების, სტუდენტთა, მკვლევართა, პროფესორ-მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის 2000-ზე მეტი გაცვლითი პროგრამა სხვადასხვა პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტთან;

• გაცვლითი პროგრამები და ინდივიდუალური სასწავლო და კვლევითი პროგრამები ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებთან;

სტემისა და ტექგანათლებლის სპეციალური პროგრამები სკოლებისთვის, საზაფხულო ბანაკები, მასწავლებელთა საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო ქსელი; • საქართველოში სეისმური მონიტორინგის სადგურების ქსელი (ყველა სადგური უცხოური დაფინანსებით აშენდა), მთელი ქვეყნის და საერთაშრისო მასშტაბით მუდმივი შეტყობინების სისტემა;

• უფლისციხის კლდეებში ძეგლის კონსერვაციისა და მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებული შეტყობინების სისტემა;

• ასეთივე სისტემა და ზოგადად, კლდის ძეგლების მონიტორინგი საბერეებსა და ვარძიაში;

• უამრავი კვლევითი თუ სარესტავრაციო საგრანტო პროექტი ჩვენი კულტურული თუ ენობრივი მემკვიდრეობის გადასარჩენად;

• მთარგმნელობითი პროექტები კვლევითი ნაშრომებისა და დარგობრივი სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე სათარგმნად - თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსების დიდი უმეტესობა ამგვარად იქმნება;

ეს სია ძალიან გრძელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენნაირი ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაში არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სფეროს განვითარებისთვის"- წერს დობორჯგინიძე.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.

 

 

 


close დახურვა