logo
ENG



EPAG რუსულ კანონზე: ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას

07 მარ 202314:24
3 წუთის საკითხავი
 
EPAG რუსულ კანონზე: ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას

აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია გმობს რუსულ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

"უპირველეს ყოვლისა, კანონპროექტები ახალისებს საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციას და აკნინებს მათ წვლილს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, რადგან მსგავსი ორგანიზაციების უმეტესობა, სწორედ სხვადასხვა უცხო ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური დახმარებით ახორციელებს ქვეყნისთვის სასიკეთო, ხშირად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას.

გარდა ამისა, კანონპროექტები ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიერ გაწეულ ძალისხმევას ქვეყნის პროგრესისთვის.

მიგვაჩნია, რომ არსებული საერთო რესურსი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ უნდა იყოს მიმართული, იმ მიზნისკენ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული და რომელსაც, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს"- ნათქვამია განცხადებაში.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.


close დახურვა