logo
ENG



აგენტებზე კანონი საქართველოში დემოკრატიის მომავალზე კითხვებს აჩენს - ბალტიის ქვეყნები

08 მარ 202312:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/08/bdab7256pfut26q.jpg

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროები აცხადებენ, რომ უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება საქართველოში დემოკრატიის მომავლის შესახებ კითხვებს აჩენს. 

ბალტიის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, "თავი შეიკავონ იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს".

მათ ასევე მოუწოდეს ხელისუფლებას, დაიცვას ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლება.

„საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება საქართველოში დემოკრატიის მომავალთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებას, იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირისა და NATO-სკენ მიემართება.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცენ ქართველი ხალხის თავისუფალი პროტესტის უფლებას.“ - წერია საერთო განცხადებაში.

ლიეტუვის საგარეო მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, თუ საქართველოს ევროკავშირისა და NATO-სკენ წინსვლა სურთ, მათ დემოკრატიის პრინციპები უნდა დაიცვან.

„ჩვენ, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად ვართ შეშფოთებულები ეგრეთ წოდებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო. თუ საქართველოს სურს პროგრესი ევროკავშირისა და NATO-სკენ მან უნდა დაიცვას დემოკრატიის პრინციპები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.“ - აცხადებს ლანდსბერგისი. 

***

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. 

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართულმა ოცნებამ კანონპროექტს მხარს დაუჭირა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.

ხელისუფლებას დასავლეთთან ერთად რუსული კანონის არმიღებისკენ მოუწოდებდნენ საქართველოში არსებული ორგანიზაციები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები და მოქალაქეები.

კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი 76 ხმით პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონის პლენარულ სხდომაზე დაუგეგმავად განხილვის პარალელურად პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. შსს-მ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს, ვინაიდან ეს კანონი არის გასაუქმებელი და "მოსკოვის კარნახითაა მიღებული".

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისი თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა რომ ოფიციალურ ვაშინგტონს აქვს "გარკვეული ინსტრუმენტები", რომ დააყენოს ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანის უფლებებს ხელყოფს.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულმა რუსულმა კანონმა "შესაძლოა სერიოზული შედეგები იქონიოს საქართველო-EU-ის ურთიერთობებზე".


close დახურვა