logo
ENG



ბორელის ოფისი: კანონის მიღებამ, შესაძლოა სერიოზული შედეგები იქონიოს ჩვენს ურთიერთობაზე

08 მარ 202301:23
3 წუთის საკითხავი
 
ბორელის ოფისი: კანონის მიღებამ, შესაძლოა სერიოზული შედეგები იქონიოს ჩვენს ურთიერთობაზე

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულმა რუსულმა კანონმა "შესაძლოა სერიოზული შედეგები იქონიოს საქართველო-EU-ის ურთიერთობებზე".

"საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი კანონი "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ". ეს ძალიან ცუდი განვითარებაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის.

კანონი, მისი ამჟამინდელი ფორმით, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, რაც უარყოფით შედეგებს მოიტანს მრავალი ქართველისთვის, რომელთათვისაც მათი [NGO და მედია] მუშაობა მნიშვნელოვანია. ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ფასეულობებთან და სტანდარტებთან. იგი ეწინააღმდეგება საქართველოს გამოცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მისმა საბოლოო მიღებამ შესაძლოა სერიოზული შედეგები იქონიოს ჩვენს შორის ურთიერთობებზე.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, უერთგულოს ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის თაობაზე და შეახსენებს, რომ ადამიანებს აქვთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ოცნებამ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 13 წავიდა. 

რუსული კანონპროექტის განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ამ წუთებშიც, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები არიან შეკრებილები და აქციას მართავენ. 

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.


close დახურვა