logo
ENG



ახალგაზრდა ელჩები რუსულ კანონზე: ამით საფრთხე ემუქრება ქვეყნის ევროპულ კურსს

04 მარ 202322:49
3 წუთის საკითხავი
clock 753
2023/03/04/kex0zhcp8r3hfw1.jpg
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოს ახალგაზრდა ელჩები რუსულ კანონს ეხმაურებიან და პარლამენტს მოუწოდებენ საფრთხის ქვეშ არ დააყენოს ქვეყნის ევროპულ ოჯახთან გაერთიანების პერსპექტივა და უარი თქვას კანონპროექტის მიღებაზე.

როგორც ახალგაზრდა ელჩების განცხადებაშია ნათქვამი, რუსული კანონი შეზღუდავს როგორც ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე, მედია-ორგანიზაციებს.

"ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა ელჩები 2014-2022 წლებში, წუხილს გამოვთქვამთ საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით საფრთხე ემუქრება საქართველოს ინტერესებსა და ევროპულ კურსს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციითაა განსაზღვრული. თითოეული ჩვენგანის საქმიანობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, წლების განმავლობაში, ნაკარნახევი იყო ჩვენი ქვეყნის სიყვარულით და სურვილით, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, თავისი გამორჩეული კულტურითა და ისტორიით გაგვეცნო რაც შეიძლება მეტი უცხოელისთვის.

დღეს, ამ კანონპროექტის მიღებით, ვდგავართ დემოკრატიულობისა და დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვის საფრთხის წინაშე, რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, მიგვაჩნია, რომ კანონი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ შეზღუდავს როგორც ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე, მედია-ორგანიზაციებს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ საკანონმდებლო პროექტს და საფრთხის ქვეშ არ დააყენოს ქვეყნის ევროპულ ოჯახთან გაერთიანების პერსპექტივა", - წერია გაცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ: რუსუდან მარგიანი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი უნგრეთში, 2019-2020 წლებში. მერი უღრელიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საფრანგეთში, 2018-2019 წლებში. სალომე სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, 2014-2015; 2019-2020 წლებში. ნენო გაბელია, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, 2018-2019 წლებში. ლიკა ჯანელიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, 2018-2019 წლებში. ქეთი არჩაია, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საფრანგეთში, 2016-2017 წლებში. მარიამ შონია, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დანიის სამეფოში, 2019-2020 წლებში. ლუკა გურგენიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი შვედეთოს სამეფოში, 2019-2020 წლებში. მარიამ თაყნიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, 2018-2019 წლებში. დავით ხუბუა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, 2019-2020 წლებში. ანა ლეჟავა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2016-2017 წლებში. მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიაში, 2014-2015 გიორგი მჭედლიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, 2022-2023 წლებში. მაკა ბერულავა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ლიეტუვაში, 2022-2023 წლებში. თამარ ჟუჟუნაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, 2016-2017 წლებში. თამარ არველაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესპანეთის სამეფოში, 2018-2019 წლებში. სოფო ქევხიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, 2018-2019 წლებში. ნინო ახალშენიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ბელგიის სამეფოში, 2018-2020 წლებში თამარ ახალაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიაში, 2022-2023 წლებში.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.


close დახურვა