logo
ENG



ზელენსკი: რუსეთმა აშშ დაარწმუნა, რომ არ გააგრძელებს უკრაინის ტერიტორიების ესკალაციას

11 დეკ 202100:05
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/11/gtkwdx3oz8vxv8a.jpg
კადრი: 1+1

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ მედიასთან - "1+1" ინტერვიუში ამბობს, რომ მას ჯო ბაიდენმა უთხრა, რომ რუსეთი აშშ-ს და მსოფლიოს დაჰპირდა, რომ უკრაინის ირგვლივ ესკალაციას აღარ გააგრძელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით ეს არა დიდი, მაგრამ მნიშნველოვანი შედეგია.

"მესიჯი, რომელიც მე მივიღე აშშ-ის პრეზიდენტისგან იყო, რომ რუსეთმა დაარწმუნა აშშ და მთელი მსოფლიო, რომ ის აღარ აპირებს გააგრძელოს ესკალაცია ჩვენი დამოკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიებთან დაკავშირებით.

ჩვენ კომპრომისებზე არ გვისაუბრია, ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ჩვენ შესაძლოა გაგვიჩნდეს აშშ-ის დამსახურებით კიდევ ერთი მოლაპარაკებების სივრცე რუსეთის ფედერაციასთან," - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. საუბარი საათ-ნახევარი გაგრძელდა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა თავის უკრაინელ კოლეგას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ მოუყვა.

8 დეკემბერს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ონლაინშეხვედრა გამართეს. საუბრის მთავარი თემა უკრაინა და მასთან ახლოს რუსული ჯარების განთავსება გახდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე პუტინს უთხრა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას მძიმე შედეგები მოჰყვება. 

ერთ თვეზე მეტია, უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედროა მობილიზებული. 

26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჩართულობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზების მიზეზი უკრაინის NATO-სკენ სწრაფვაა.

კრემლმა ვაშინგტონისგან მოითხოვა გარანტია, რომ უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს არ შეუერთდება და რომ ალიანსი თავს შეიკავებს გარკვეული სამხედრო მოქმედებებისგან უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო.


close დახურვა