დედაქალაქის მერი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სასაფლაოების ჩაკეტვის საკითხს გამოეხმაურა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. კახი კალაძის განცხადებით, შესაბამისი სამსახურების დახმარებით სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება.
„ჩვენ, შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში. სააღდგომო დღეები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რათა შემდეგ მომდევნო კვირების, დღეების განმავლობაში დამატებითი პრობლემები არ შეგვექმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.
მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ.
რაც შეეხება საქართველოში შექმნილ ვითარებას, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.
ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.