გასული კვირა მსოფლიოში დიპლომატიური შეხვედრებით და სპორტული მოვლენებით იყო დატვირთული. მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა ჩინეთი, სადაც ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნა. უკრაინის ირგვლივ კი კვლავ დაძაბულობაა და საკითხის მშვიდობიანად გადასაწყვეტად მსოფლიოს ლიდერები რუსეთთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებს მართავენ.
ნახეთ გასული კვირის მსოფლიოს მნიშვნელოვანი ამბები:
3 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა ისლამური სახელმწიფოს (ISIS-ის) ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ-ქაშიმი ალ-ყურაიში მოკლეს.
ფოტო სპეცოპერაციის ადგილიდან:
4 თებერვალს ჩინეთში ზამთრის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გამოსვლა:
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინის ზამთრის ოლიმპიადის გახსნაზე უკრაინის გამოსვლისას:
ჩინეთში ოლიმპიადაზე ჩასული პუტინი ჩინეთის პრეზიენტს სი ძინპინს შეხვდა. პუტინმა ბეიჯინგში ჩინეთისთვის ბუნებრივი აირით მომარაგების ხელშეკრულება ჩაიტანა. რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტებმა შეხვედრის შემდეგ საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც NATO-ს გაფართოების გეგმების შეჩერებისკენ მოუწოდეს.
7 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მედიაში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ პრეზიდენტები ერთმანეთისგან უჩვეულოდ შორს სხედან. მოგვიანებით Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაკრონს პუტინტან მიახლოების უფლება იმიტომ არ მისცეს, რომ კორონავირუსის ტესტზე უარი თქვა. წყაროს ცნობით, საფრანგეთის მხარე ვერ დაუშვებდა, რომ მაკრონის დნმ-ის ნიმუში რუსების ხელში აღმოჩენილიყო.
ფრანგული მხარე იუწყებოდა, რომ ამ შეხვედრისას პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტს დაჰპირდა, რომ უკრაინის საზღვრის სიახლოვეს ახალ სამხედრო მოქმედებებს არ განახორციელებდა. რუსეთმა ამგვარი დაპირება უარყო და მომდევნო დღეს რუსეთის სამხრეთ ნაწილში 3-კვირიანი ღამის ტაქტიკური წვრთნები დაიწყო.
8 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის ნათქვამს გამოეხმაურა - რუსეთის პრეზიდენტმა ზელენსკის ამ სიტყვებით მიმართა: "მოგწონს, არ მოგწონს - მოითმინე, ჩემო ლამაზო". ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა ძალიან მომთმენია პროვოკაციებს არ პასუხობს და თავი ღირსეულად უჭირავს.
გასული კვირის განმავლობაში არაერთ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსი პოლიტიკოსი და დუმის დეპუტატი, ვლადიმირ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ. რუსული მედია წერს, რომ ჟირინოვსკის კორონავირუსი და ფილტვების მძიმე დაზიანება აქვს და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამავე დროს, პოლიტიკოსის პარტიაში ამტკიცებენ, რომ ის თავს კარგად გრძნობს და მუშაობას აგრძელებს.
9 თებერვალს უკრაინამ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სგან მორიგი სამხედრო დახმარება და აღჭურვილობა მიიღო.
9 თებერვალს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი უკრაინის საკითხის განსახილველად მოსკოვში ჩავიდა. ტრასი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა და უთხრა, რომ რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს. სერგეი ლავროვმა ლიზ ტრასთან მოლაპარაკებები შეაფასა, როგორც "მუნჯის საუბარი ყრუსთან".
10 თებერვალს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი, უკრაინის მხარდასაჭერად ძალების გაერთიანების მიზნით NATO-ს შტაბ-ბინაში იმყოფებოდა. ჯონსონი ევროპელ მოკავშირეებს მიმართავს უკრაინის საკითხს უფრო მტკიცედ მიუდგნენ.
11 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკის მოქალაქეებმა უკრაინა ახლავე უნდა დატოვონ. მისივე თქმით, ვითარება იძაბება და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ამერიკელების გადასარჩენად სამხედროების გაგზავნას არ აპირებს. ასევე, თეთრმა სახლმა კონფლიქტის შემთხვევაში უკრაინიდან ამერიკელების ევაკუაციის გეგმა დაამტკიცა. პენტაგონის გეგმა, ამერიკელი სამხედროების პოლონეთში განთავსებას გულისხმობს, რათა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინაში მყოფ ათასობით ამერიკელს ევაკუაციაში დაეხმარონ. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 82-ე საჰაერო დივიზიის 1 700-მდე სამხედრო პოლონეთში უკვე ჩავიდა.
11 თებერვალს რუსი მოციგურავის, 15 წლის კამილა ვალიევას დოპინგ-ტესტში აკრძალული ნივთიერება იპოვეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრში მოციგურავეების დაჯილდოება გადაიდო იმის გამო, რომ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნაკრების ერთ-ერთმა სპორტსმენმა დოპინგტესტი ჩააგდო.