logo
ENG



კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს

30 სექ 202000:49
3 წუთის საკითხავი
 
tit1jipxfant8rt.jpg

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მარნეულში მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება და მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვნად შეამცირებს წინასაარჩევნო პერიოდში მედიისათვის გაზრდილ საფრთხეებს.

"დღეს, 2020 წლის 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ შემთხვევის გადასაღებად მისულ გადამღებ ჯგუფებსაც. თანამშრომლების დაზიანების შესახებ ინფორმაცია მთავარმა არხმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელეს. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს. მიგვაჩნია რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვნად შეამცირებს წინასაარჩევნო პერიოდში მედიისათვის გაზრდილ საფრთხეებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. 

თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტი, ჯეიჰუნ მუჰამედალს სცემეს და თავი გაუტეხეს. ის თბილისის ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს. ჟურნალისტმა კლინიკა უკვე დატოვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც თავს დაესხნენ, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გარდა ამისა, მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს.

მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

ამასთან, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.

ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.

ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMCგანაცხადეს, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მით უფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. მათივე შეფასებით, საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათი საქმიანობის გამო დაესხნენ.


close დახურვა