მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მასწავლებლები რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ - მათი თქმით, ის საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს არ ემსახურება და უდიდეს უმრავლესობას ზიანს მოუტანს.
"ჩვენ, საქართველოს მასწავლებლები, უკიდურესად შეწუხებულნი ვართ "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. რაც მთავარია, მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ავტორებს გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი; მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მმართველ პარტიას, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს. ამავდროულად, მოვუწოდებთ საჯარო უწყებებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ ხმა აიმაღლონ არსებული კანონპროექტის წინააღმდეგ. და ბოლოს, მოვუწოდებთ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჩვენს კოლეგებს, გამოხატონ თავიანთი პროტესტი, რათა არ დავუშვათ აღნიშნული კანონპროექტის მიღება", - აღნიშნულია განცხადებაში.
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.
ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.
მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.
კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს".
28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".
რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.
ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.
კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.