"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა" განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს თუ კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოხდება.
მისივე განმარტებით, წინაღმდეგ შემთხვევაში პარტია საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.
"ყველამ უნდა იცოდეს, რომ საპარლამენტო 2 ფრაქცია - "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" არც ერთ შემთხვევაში არ დაარღვევს პოლიტიკურ ბოიკოტს ამ საკითხთან დაკავშირებით, არ შევა პარლამენტში საერთოდ, თუ პოლიტპატიმრები არ არიან თავისუფალი", - განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა რვა მარტის შეთანხმების შესრულებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ „ქართულ ოცნებას“ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით მოუწოდა.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარმა ვიოლა ვონ კრამონმა წერილი გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ პანდემიას მმართველი გუნდი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.
რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მმართველ ძალას საქართველოში მოქმედმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ერთიანი წერილით მოუწოდეს. შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება ადამ კინზინგერმაც, ხოლო აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა მოუწოდა ხელისუფლებას, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები.
საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის:
საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.
რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.
მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.
გარდა ამისა, ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.