logo
ENG



პუტინი ბაიდენს: ახალი სანქციები რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობაში რღვევის მიზეზი გახდება

31 დეკ 202113:38
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/31/myvx430ng1ujwx7.jpg
Reuters

ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს აფრთხილებს, რომ უკრაინის გამო ახალი სანქციების დაწესება რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის რღვევის მიზეზი შესაძლოა გახდეს.

BBC-ის ინფორმაციით, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო დიალოგი ხუთშაბათს, 30 დეკემბერს შედგა. ამჯერად საუბრის ინიციატორი რუსეთი იყო.

ვლადიმერ პუტინმა ბაიდენთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ამგვარი სანქციების დაკისრება უდიდესი შეცდომა იქნება. მეორე მხრივ კი ბაიდენმა პუტინს დარწმუნებით უთხრა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებებს ამერიკისა და მისი მოკავშირეებისგან პასუხი მოჰყვება.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის ეს ბოლო თვეში უკვე მეორე დიალოგია. ამ ზარის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მრჩეველმა იური უშაკოვმა მედიას განუცხადა, რომ პუტინი დიალოგით კმაყოფილი იყო და ამ საუბარმა მომავლის დიალოგებისთვის კარგი ფონი შექმნა.

თეთრის სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ კი განაცხადა, რომ ბაიდენი პირვანდელ პოზიციაზეა. 

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელახლა დაადასტურა, რომ დიალოგში ნამდვილი პროგრესი მხოლოდ დეესკალაციის გარემოში შეიძლება მოხდეს. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ამერიკის შეერთებული შტატებს, მისი მოკავშირეებსა და პარტნიორებს აუცილებლად ექნებათ ამაზე პასუხი", - განაცხადა ფსაკიმ. 

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა მომავალ თვეში, ჟენევაში იგეგმება.

***

შეგახსენებთ, რომ ამერიკის დაზვერვის სამსახურების ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, 2022 წლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმას სხვადასხვა ფრონტიდან გეგმავდეს.

უკვე 1 თვეზე მეტია უკრაინის საზღვართან 175 000 რუსი სამხედროა მობილიზებული.

ამ საკითხთან დაკავშირებით 8 დეკემბერს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ონლაინშეხვედრა გამართეს. საუბრის მთავარი თემა უკრაინა და მასთან ახლოს რუსული ჯარების განთავსება გახდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე პუტინს უთხრა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას მძიმე შედეგები მოჰყვება. 

დეკემბრის დასაწყისში სტოკჰოლმში ერთმანეთს, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც შეხვდნენ. ბლინკენის თქმით, მან ლავროვთან დიალოგში აღნიშნა, რომ უკრაინაზე თავდასხმა რუსეთისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც აღნიშნა, რომ მოკავშირე ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვანაირი გზის გამოყენება შეუძლიათ, მათ შორის ეკონომიკური სანქციების ან პოლიტიკური შეზღუდვების დაწესება.

26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჩართულობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზების მიზეზი უკრაინის NATO-სკენ სწრაფვაა.

კრემლმა ვაშინგტონისგან მოითხოვა გარანტია, რომ უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს არ შეუერთდება და რომ ალიანსი თავს შეიკავებს გარკვეული სამხედრო მოქმედებებისგან უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო.

 


close დახურვა