შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ მშვიდობიან აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს.
უწყებამ აქციასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა და კვლავ ირწმუნება, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ "პროპორციული ძალა" გამოიყენეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 7 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.
სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.
აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს. სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც ხელი შეუწყეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებული იყვნენ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.
მოგვიანებით, შეკრებილთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო. პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სცადეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა დაეცვათ წესრიგი, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში გამოეხატათ, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. პოლიციამ, დაძაბულობის განმუხტვის და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გზა გახსნა და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.
მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს - ქვებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებს, დააზიანეს პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
პოლიცია იძულებული გახდა, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სამართალდარღვევების აღსაკვეთად, შესაბამისი გაფრთხილების შემდგომ საჭიროების შესაბამისად, თანმიმდევრულად გამოეყენებინა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები. მოგვიანებით შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ და პიროტექნიკის სროლა, მათ შორის, სამართალდამცველების მიმართულებით. აქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები.
აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა. შეკრებილთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დაჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც. სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას"- ნათქვამია განცხადებაში.
ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.
განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.
აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი.
პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.
ქართულმა ოცნებამ კანონპროექტს მხარს დაუჭირა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.
მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.
კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს".
28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".
რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.
კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.
ხელისუფლებას დასავლეთთან ერთად რუსული კანონის არმიღებისკენ მოუწოდებდნენ საქართველოში არსებული ორგანიზაციები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები და მოქალაქეები.
კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
კანონის პლენარულ სხდომაზე დაუგეგმავად განხილვის პარალელურად პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. შსს-მ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს, ვინაიდან ეს კანონი არის გასაუქმებელი და "მოსკოვის კარნახითაა მიღებული".
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისი თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა რომ ოფიციალურ ვაშინგტონს აქვს "გარკვეული ინსტრუმენტები", რომ დააყენოს ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანის უფლებებს ხელყოფს.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულმა რუსულმა კანონმა "შესაძლოა სერიოზული შედეგები იქონიოს საქართველო-EU-ის ურთიერთობებზე".