საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი წერს, რომ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი ორივე კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია.
კოპალეიშვილი წერს:
"კანონპროექტების („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები) მუხლობრივ განხილვაში ამ ეტაპზე არ შევალ. ამის ფორმატი აქ არ არის.
ამასთან, აღვნიშნავ, რომ სრულიად ორივე კანონი ცალ-ცალკე, თუ ერთმანეთთან სინთეზში, არის ანტიკონსტიტუციური. მათი გაერთიანებულ კანონად თუ ცალ-ცალკე კანონებად ქცევის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა დადგეს არა რომელიმე ნორმის, არამედ მთელი კანონის კონსტიტუციურობის საკითხი, რადგან ის წესრიგი, რომლის დადგენასაც ეს კანონპროექტები დამოუკიდებლად თუ სინთეზში ითვალისწინებენ, არის ანტიკონსტიტუციური. და, თუ რატომაა ანტიკონსტიტუციური, ობიექტურ მკითხველს, რომელმაც მინიმალურ დონეზე მაინც იცის, თუ რა არის ხარისხიანი კანონი, შეუძლია წაიკითხოს ეს კანონპროექტები და დასკვნები გამოიტანოს.
მანამდე კი მოკლე ანალიზის სახით გეტყვით, რომ კანონპროექტები თავისი არსით ეწინააღმდეგებიან არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, არამედ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს, სულისკვეთებას, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, გაერთიანებების თავისუფლების გაგებას. კანონპროექტები ითვალისწინებენ ისეთი რეგულირებების შემოტანას, რომლებიც არ პასუხობენ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს კანონის სამართლიანობის, ნორმის განჭვრეტადობის შესახებ. შეიცავენ ბუნდოვან და დისკრიმინაციულ დებულებებს, რაც პრაქტიკაში გამოიწვევს საკითხის უსამართლოდ გადაწყვეტას. კანონპროექტების კანონად ქცევის შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები იძენენ განუსაზღვრელ უფლებამოსილებას შეზღუდონ ადამიანის უფლებები, კანონპროექტი უბიძგებს ადამიანებს დაუბრუნდნენ ავადსახსენებელ მე-20 საუკუნის 30-იან წლებს - აცოცხლებს ე.წ. დასმენის ინსტიტუტს (მაგ. „მონიტორინგის დაწყების საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას“), ითვალისწინებს აგენტად გამოცხადებული ორგანიზაციის ყველა რიგითი თანამშრომლის პერსონალური ინფორმაციის გენერალურ პროკურატურაში წარდგენას („იურიდიულ პირში ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერ სხვაგვარ გაერთიანებაში დასაქმებული ყველა პირის ვინაობა“), ერთი კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ და მეორე ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობის დამდგენი ოდენობები ჩადენილი ქმედების არაპროპორციულია და სხვა. რომელი ერთი შეიძლება რომ ჩამოვთვალო!"
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.
ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.
მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.
კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს".
28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".
რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.
ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.
კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.