logo
ENG



სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა

30 სექ 202200:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/30/qdruam2z0ndql7p.jpg
28 სექტემბერი, 2022 წელი - ყაზბეგი, საქართველო
Davit Kachkachishvili/Anadolu Agency/Getty Images

CNN საქართველოს, ყაზახეთისა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით აცხადებს, რომ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

21 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეების მიგრაციის ნაკადები საქართველოს, ყაზახეთისა და ევროკავშირის მიმართულებით განსაკუთრებით გაიზარდა.

ასევე არსებობს ცნობები მონღოლეთისა და სომხეთის ტერიტორიებზე რუსეთის მოქალაქეების შესვლის შესახებ, თუმცა ამ ქვეყნებიდან ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.

ყაზახეთის სახელმწიფო მედიის Kazinform-ის ცნობით, გასულ კვირაში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარატ კოჟეიევმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში ყაზახეთის ტერიტორიაზე რუსეთის 100 000-მდე მოქალაქე შევიდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 21-26 სექტემბერს ქვეყანაში სულ მცირე 53 136 რუსეთის მოქალაქე შევიდა.

რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს Frontex-ის ცნობით, 19-25 სექტემბერს ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 30%-იანი მატებაა.

თავად რუსეთი კი არ აქვეყნებს ინფორმაციას იმ ადამიანების რიცხვზე, ვინც ქვეყანაზე 21 სექტემბრის შემდეგ დატოვა.

21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

რას გულისხმობს და ვის ეხება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია?

რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემამ Novaya Gazeta.Europe-მა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სამხედრო მობილიზაციის შესახებ დადგენილების მეშვიდე, საიდუმლო პუნქტი, თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, 1 მილიონამდე ადამიანი გაიწვიოს.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რამდენიმე დიდ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. პოლიციამ აქციებზე ასობით მოქალაქე დააკავა.

დაკავებული მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის საჭირო უწყისები გადასცეს. პარალელურად იმართებოდა შეკრებები, სადაც მოქალაქეები პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმებოდნენ. 

24 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში სამხედრო მობილიზაციისა და ომში მონაწილეობის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსში შესწორებებს ხელი მოაწერა.

კანონმდებლობის მიხედვით, მობილიზაციისას გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში არ გამოცხადება ან გაქცევა დასჯადი ხდება და 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს ეხება, როგორც რეზერვში მყოფ სამხედრო პერსონალს, ასევე ხელშეკრულებით მყოფ სამხედროებს.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პოტენციური გაწვევის თავიდან ასარიდებლად მობილიზაციით გათვალისწინებულმა ჯგუფებმა რუსეთის მასობრივად დატოვება დაიწყეს.

24 სექტემბერს, BBC-ის ცნობით, რუსეთ-საქართველოს საზღვართან მანქანების რიგი 10 კმ-ს აღწევდა, მოძრაობა ძალიან იყო შენელებული და ზოგიერთი ადამიანი 20 საათზე მეტი ელოდა საზღვრის გადაკვეთას.

27 სექტემბერს საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ 21 სექტემბრის შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ჯამში 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით რუსეთიდან შემოვიდა 78 742, ხოლო საქართველოდან რუსეთში 62 120 ადამიანი გადავიდა.

ევროკავშირის საზღვრისა და სანაპიროს დაცვის სააგენტოს Frontex-მა განაცხადა, გასულ კვირაში, 19-25 სექტემბერს, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც წინა კვირებთან შედარებით 30%-იანი მატებაა.


close დახურვა