logo
ENG



საქართველოში ბელარუსი ჟურნალისტი ანდრეი მელეშკო არ შემოუშვეს

16 სექ 202414:38
3 წუთის საკითხავი
 
RFE/RL

საქართველოში არ შემოუშვეს ბელარუსი ჟურნალისტი ანდრეი მელეშკო. ის ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ პოლონეთიდან ჩამოსულს ქუთაისის აეროპორტში ახსნა-განმარტების გარეშე პასპორტი ჩამოართვეს და გადაიყვანეს ოთახში, რომელიც მისივე თქმით, "საკანს ჰგავს".

ჟურნალისტი საქართველოში შემოსვლაზე უარს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ თავის დროზე ბელარუსიდან იმიტომ გააძევეს, რომ დამოუკიდებელ მედიას წარმოადგენდა.

"ახლა ვიმყოფები ქუთაისის აეროპორტის საკანში, ეს საკანია, რადგან ციხეს მაგონებს. არავინ არაფერს გვიხსნის, რა სტატუსით ვიმყოფებით. ჩამოგვართვეს პასპორტები. ხელზე გვაქვს მხოლოდ საბუთები, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ გვიშვებენ. ღამით ჩამოვფრინდით ევროპიდან, ვიდექით პასპორტის კონტროლის რიგში და გვერდზე გაგვიყვანეს, დაახლოებით 40 წუთში ახსნა-განმარტების გარეშე მოგვცეს საბუთები და შემოგვიყვანეს ამ ოთახში.

პირადად მე ამ ყველაფერს მოახლოებულ არჩევნებს ვუკავშირებ. მე ვარ ჟურნალისტი, რადიო ბელარუსისთვის ვწერ სტატიებს და არ ვმონაწილეობ არანაირ აქციებში. 2021 წელს დავტოვე ბელარუსი, საქმეები აღძრეს ჩემს წინააღმდეგ, რადგან ბელარუსის დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წარმომადგენელი ვიყავი", - ამბობს ის. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში ოპოზიციონერი ბელარუსი ან რუსი ჟურნალისტები და უფლებადამცველები არ შემოუშვიათ.

გასული წლის 31 იანვარს საქართველოში რუსი ოპოზიციონერი ლიდერი დმიტრი გუდკოვი არ შემოუშვეს, ასევე 4 თებერვალს არ შემოუშვეს კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი იგორ ეფრიმოვი. მოგვიანებით, 17 თებერვალს საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა რუს ოპოზიციონერს ანდრეი დავიდოვს. 1

1 მარტს დამოუკიდებელი, აქტივისტური მედიაჯგუფის, "მედიაზონის" ჟურნალისტი დევიდ ფრენკელი საქართველოში არ შემოუშვეს. 19 ივლისს რუსმა ბლოგერმა ალექსეი რომანოვმა Facebook-ზე დაწერა, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს. 4 სექტემბერს საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა კრემლის კრიტიკოსს რუს ფოტოჟურნალისტს ვასილი კრესტიანინოვს.

27 ოქტომბერს უკრაინელმა ჟურნალისტმა, დმიტრი გორდონმა თქვა, რომ საზღვარზე საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. გასული წლის 13 დეკემბერს საქართველოში პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსი მწერალი დიმიტრი ბიკოვი. 13 თებერვალს ფონდ "არა ძალადობას" დამფუძნებელი ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს.

14 მარტს  ტელეკომპანია დოჟდის ჟურნალისტი, ალექსანდრა შევჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს.


close დახურვა