logo
ENG



შაჰინმა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის მაგალითად 2012 წლის ქართული არჩევნები გაიხსენა

07 იან 202107:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/07/o07x9ukgwhho55g.jpg

სენატორი ჯინ შაჰინი კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ განახლებულ სხდომაზე, რომელზეც კონგრესის ორივე პალატამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაამოწმოს, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მაგალითად 2012 წლის ქართულ არჩევნებს იხსენებს. 

შაჰინმა კოლეგებს მისი და სენატორ ჯიმ რიშის ვიზიტის შესახებ მოუყვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში და გაიხსენა, რომ არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და პრეზიდენტ სააკაშვილის დამარცხების შემდეგ საზოგადოებაში არსებობდა შიში, რომ სააკაშვილის გუნდი ძალაუფლებას მშვიდობიანად არ დათმობდა. 

შაჰინი იხსენებს, როგორ ეწვია პრეზიდენტ სააკაშვილს სენატორ რიშთან ერთად. 

"ჩვენ ერთად დავსხედით და აღვნიშნეთ, რომ დემოკრატიის მთავარი ტესტი, რომლის ასაშენებლადაც მან 8 წლიანი საპრეზიდენტო ციკლის განმავლობაში ამდენი იშრომა, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა იქნებოდა იმ ადამიანისთვის, რომელსაც მხარი ამომრჩევლებმა დაუჭირეს. მან ჩვენ მოგვისმინა და თანამდებობა მშვიდობიანად დატოვა", - იხსენებს შაჰინი. 

ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების საკითხი კონგრესში მიმდინარე დისკუსიაზე მას შემდეგ გახდა რელევანტური, რაც არჩევნების შედეგების არაღიარების გამო მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და იმ სხდომის ჩაშლა სცადეს, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამოწმებულიყო

კაპიტოლიუმის შენობაში დემონსტრანტების შეჭრა მსხვერპლით დასრულდა. ერთ-ერთი ქალი, რომელიც შტურმის დროს გულ-მკერდის არეში დაიჭრა, გარდაიცვალა. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავი, არმიამ კი სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია გაგზავნა. 

შენობაში შეჭრის შემდეგ კაპიტოლიუმში ლოკდაუნი გამოცხადდა, სენატორები და კონგრესმენები უსაფრთხოების მიზნით თავიანთ კაბინეტებში იმყოფებოდნენ, ვაშინგტონის მერმა კი ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა შენობაში ხელნაკეთი ბომბი გაანეიტრალეს, რომელიც აფეთქების რეალურ რისკებს შეიცავდა. 

შტურმამდე სენატორებსა და კონგრესმენებს შორის მწვავე დებატები მიმდინარეობდა. რამდენიმე რესპუბლიკელი კანონმდებლის საპირისპირო პოზიციის მიუხედავად, ტრამპის მომხრე რესპუბლიკელები ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატს და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ლეგიტიმურად არ გაუმარჯვია. 

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მოყოლებული თავად პრეზიდენტი ტრამპი უკვე მე-10 კვირაა ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ყველა სასამართლო ინსტანციამ, მათ შორის, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში უმეტესად კონსერვატორი მოსამართლეებით დაკომპლექტდა, ტრამპის კამპანიის არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

სხდომის თავმჯდომარემ მაიკ პენსმა ტრამპის მომხრეების პოზიციის საპირისპიროდ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვების რატიფიცირების პროცესს ხელს არ შეუშლიდა. სენატში რესპუბლიკელების თავმჯდომარის მიჩ მაკონალის თქმით კი, ამომრჩეველთა ნების უგულებელყოფა რესპუბლიკას სამუდამოდ დააზიანებს. თუმცა რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილი ტრამპის პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ ბაიდენის გამარჯვების დამოწმების პროცესს ხელს შეუშლის. 

თავად პრეზიდენტმა ტრამპმა Twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც მომიტინგეებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა, თუმცა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას და მის მხარდამჭერებს არჩევნები მოპარეს. 

შემდეგ Twitter-ის პოსტში კი ტრამპმა განაცხადა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში მომიტინგეთა შეჭრა სწორედ პატრიოტი ამერიკელებისთვის არჩევნების გაყალბების შედეგია. 

5 იანვარს გამოქვეყნდა სკანდალური ჩანაწერი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტსა და ჯორჯიას შტატის რესპუბლიკელ სახელმწიფო მდივან ბრედ რაფენსპერგერს შორის, რომელიც შტატის საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენელია, რომელშიც ტრამპი რესპუბლიკელი მაღალჩინოსნის იძულებას ცდილობდა, რათა შტატის ადმინისტრაციას ხმები ხელახლა გადაეთვალა

ტრამპი რაფენსპერგერისგან მოითხოვდა, გადათვლისას იმ რაოდენობის ხმები ეპოვნათ, რამდენიც რესპუბლიკელ კანდიდატს შტატში გასამარჯვებლად სჭირდებოდა. სამართლის ექსპერტების მოსაზრებით, სატელეფონო ჩანაწერი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა. 

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელები სამი თვეა აშშ-ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება, თეთრი სახლის ადმინისტრაციას კი ტრანზიციის პროცესი უკვე დაწყებული აქვს. 


close დახურვა