logo
ENG



ჩვენი სიცოცხლე დააგეგმინეს საპატრიარქოს - მამა ანდრია სარია

16 აპრ 202010:55
3 წუთის საკითხავი
 

სასულიერო პირების ნაწილი საპატრიარქოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. მღვდელმონაზონი ანდრია სარია აცხადებს, რომ შეზღუდული სამედიცინო რესურსების პირობებში, საპატრიარქო სახელმწიფოს კრიზისისთვის იმეტებს. ის მთავრობის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ არჩევნებში მხარდაჭერის დაკარგვის შიშით, მმართველი გუნდი შესაბამისი ზომების გატარებას ვერ ახერხებს. 

"საპატრიარქო არ გაუფრთხილდა სახელმწიფოს. საპატრიარქომ თავისი ძალა ზუსტად დღეს აჩვენა. წითელი აანთო - ეს არის სახელმწიფოს დანგრევა. ყველა ის კანონი, რაც სახელმწიფომ აქამდე მიიღო, წყალში ჩაუყარა საპატრიარქომ. არაფერს არ აქვს აზრი. ჩვენი სიცოცხლე დააგეგმინეს საპატრიარქოს", - აღნიშნა სასულიერო პირმა. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ. 

რაც შეეხება საქართველოში შექმნილ ვითარებას, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. 

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. 

ასევე 17 აპრილიდან 21 აპრილამდე მთავრობის გადაწყვეტილებით კონკრეტული შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. 


close დახურვა