logo
ENG



ცერცვაძე: ეპიდემიის ბედი დღეს საქართველოში მრევლის ხელშია

17 აპრ 202010:58
3 წუთის საკითხავი
clock 464

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ფიქრობს, რომ ეპიდემიის ბედი საქართველოში დღეს მრევლის ხელშია. ცერცვაძე მიიჩნევს, რომ საეკლესიო რიტუალებზე დროებით  უარის თქმა, დრამატული და ტრაგიკულ შედეგამდე არ მიგვიყვანს.

მისი განმარტებით, ახლა მრევლმა მაღალი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. სპეციალისტები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და რეკომენციების სრული დაცვისკენ მოუწოდებენ.  

„ეპიდემიის ბედი დღეს საქართველოში მრევლის ხელშია. როგორც მრევლი მოიქცევა, ისეთი შედეგი იქნება. თუ მრევლი გამოიჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და დროებით უარს იტყვის ჩვენს ტრადიციულ ქართულ რიტუალებზე, შედეგი იქნება იმედისმომცემი და შევძლებთ მდორე ტემპით გავაგრძელოთ მატება. თუ მრევლში მაინც დასძლევს ის ტრადიციული რიტუალების შესრულების აუცილებლობის განცდა, მაშინ დრამატული შედეგებია მოსალოდნელი“, - აცხადებს ცერცვაძე.

ინფექციონისტი გიორგი კამკამიძე კი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ეკლესიაში ადამიანებს შორის ახლო კონტაქტი არ მოხდეს.

„არაეფექტურია მოლაპარაკება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, ეს არ არის რეალური გადაწყვეტა საკითხის. ეს ცოტა გაქცევაა რეალური მოუგვარებელი სკაითხისგან. ფეხით შეუძლია ადამიანს მისვლა. პირიქით, ამან შეიძლება უფრო მეტი თავმოყრა მოახდინოს. საეკლესიო პირის გადასაწყვეტი არაა ვინ არა რისკ-ჯგუფი და ვინ არა. შეუძლებელია იქ არ მოხდეს ერთმანეთთან ახლო კონტაქტი და ინფექციის გადაცემა“, - აცხადებს კამკამიძე.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ.

ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 370 -მდე გაიზარდა , აქედან 77 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. 

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

გარდა ამისა, 21 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი მანქანებით გადაადგილება. 10 დღით დაიკეტა სასაფლაოებიც.


close დახურვა