logo
ENG



ხაბეიშვილი: მოგიწოდებთ, ვინც ჯერ სახლში ხართ, გამოდით გარეთ, დავიწყოთ გადამწყვეტი ბრძოლა

07 მარ 202318:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/07/6dd4ckmaqcf46l6.jpg

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს რუსთაველზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

ხაბეიშვილის თქმით, "პუტინისტების წინააღმდეგ ყოველდღიური ბრძოლა უნდა გაგრძელდეს".

"ამ რუსული რეჟიმის პირობებში, მუდმივად განიხილავენ კანონპროექტებს, რომელიც მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილისთვის, ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირებისთვის და ახლა წავიდნენ ყველაზე შორს - დღეს ისინი ატარებენ კრემლის ინტერესებს ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე. ის, რომ ამ კანონის გარეშეც არიან რუსები, ეს ყველამ კარგად ვიცით, ის რომ, არც ერთი რუსი აგენტი ე.წ. ქართული ოცნების პირობებში არ დაუკავებიათ, ეგეც კარგად ვიცით. დღეს უკვე ხელს აწერენ, რომ თავად არიან ჯაშუშები, თავად არიან პუტინისტები. მინდა საზოგადოებას, ქართველ ხალხს მივმართო - ჩემო მეგობრებო, ყოველგვარი პარტიული მიკერძოებები და გემოვნება გადადეთ გვერდით, იმიტომ რომ ვკარგავთ ქვეყანას, სამშობლოს და ახლა თითოეული ქართველის ხელშია ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი სამშობლოს მომავალი, ჩვენი შვილების ბედი, ამიტომ მოგიწოდებთ, ამ წუთას, ჯერ კიდევ ვინც სახლში ხართ, გამობრძანდით გარეთ, უნდა დავიწყოთ გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად და რუსული ოცნების წინააღმდეგ. არც ერთი დღე, არც ერთი საათი, წუთი არ გვაქვს დასაკარგი. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას პუტინისტების წინააღმდეგ და ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო. მოგიწოდებთ ყველას, არც ერთი არ დარჩეთ სახლში, არ დარჩეთ ტელევიზორებთან, ვისაც შეგიძლიათ, დღესვე გამოდით და ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ", - თქვა ხაბეიშვილმა. 

ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. ოცნებამ უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის განხილვა პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად, დღეს დაიწყო. განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მოქალაქეები აქციას მართავენ.

პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმია მობილიზებული. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის ძალები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში არიან მობილიზებულნი. 

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.

 


close დახურვა