დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპამ წარსულის გამოცდილებიდან გაკვეთილი უნდა ისწავლოს და საბოლოოდ უარი თქვას რუსეთისგან ნავთობისა და გაზის მიღებაზე.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირთან და აშშ-სთან ერთად მუშაობს რუსეთისთვის ყველაზე ხისტი და ძლიერი სანქციების პაკეტის შემუშავებაზე.
თუმცა ჯონსონს მიაჩნია, რომ დიდი ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების მიერ მიღებული ზომები, მათ შორის NATO-ს თავდაცვის გაძლიერება, ეკონომიკური სანქციები, უკრაინის პირდაპირი მხარდაჭერა, შესაძლოა არ იყოს საკმარისი რუსეთის აგრესიის შესაკავებლად.
ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთს არ უნდა შეეძლოს ევროპის დაშანტაჟება და რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლა, ამიტომ აუცილებელია მომდევნო თვეებსა თუ წლებში ენერგო რესურსების ალტერნატიული მომწოდებლების პოვნა და რუსეთისგან სრული დამოუკიდებლობა.
„რაც არ უნდა მოხდეს მომდევნო დღეებში ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ევროპის ქვეყნებს რუსეთი აშანტაჟებდეს, ვერ დავუშვებთ, რომ რუსული აგრესიის საფრთხემ შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. ჩვენ ვერ დავუშვებთ ახალ იალტას ან ჩვენს კონტინენტზე გავლენის სფეროების ახალ დანაყოფს.
ჩვენ ახლა უნდა გადავეჩვიოთ რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას.
მე მესმის, ამ ძალისხმევის თანმდევი ხარჯები და სირთულეები და ისიც, რომ ეს უფრო მარტივი სათქმელია, ვიდრე შესასრულებელი. ასე რომ მე მადლიერი ვარ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისგან მიღებული გარანტიების ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შესახებ, თუმცა გასული წლების გაკვეთილებისა და ევროპაში გაზის მიწოდებაზე გაზპრომის აშკარა მანიპულაციების დაიგნორება შეუძლებელია.
ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ალტერნატიული მომწოდებლებისა და ტექნოლოგიების სრულად გამოყენებით რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს გადაჭარბებულად ვაქცევთ.
ეს იქნება მომავალი თვეებისა და წლების სამუშაო“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას.
დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინას სხვა დასავლელმა ლიდერებმაც გამოუცხადეს მხარდაჭერა, მათ შორის აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კი განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერაში NATO ერთიანია და თუ რუსეთს სურს ნაკლებად იხილოს ალიანსი თავის საზღვრებთან, მხოლოდ საპირისპირო შედეგს მიიღებს.
***
რუსეთ-უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. რამდენიმე თვეა, რუსეთმა აქ 100 ათასზე მეტი სამხედრო განალაგა.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 19 თებერვლის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, რუსეთი ამას მომდევნო კვირაში გააკეთებს, მიზანში კი დედაქალაქს, კიევს ამოიღებს.
18 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონში გამშვებ პუნქტ Щастя-ს ცეცხლი გაუხსნეს. ამ დროს ადგილზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ჰუმანიტარული დახმარების მანქანების კოლონა იმყოფებოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 17 თებერვალს რუსმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 60-ჯერ დაარღვიეს, მათგან 43 შემთხვევაში რუსეთმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენა.
უკრაინის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად 2 უკრაინელი სამხედრო და მინიმუმ 5 მოქალაქე დაზარალდა.
გარდა ამისა, 17 თებერვალს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.
ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თვითგამოცხადებულმა ლიდერებმა ვითარების გამწვავების საბაბით 18 თებერვალს ევაკუაცია გამოცხადეს.
ევაკუაციის გამოცხადებიდან მალევე, როსტოვის ოლქის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლტოლვილებისთვის ბანაკებს გაამზადებდნენ, ხოლო პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველ მათგან 10 ათას რუბლს დაჰპირდა.
რამდენი ადამიანი აპირებს რუსეთში გადასვლას, უცნობია. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დენის პუშილინმა რუსულ სამთავრობო არხთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ სავარაუდოდ, ევაკუაცია ასი ათასობით ადამიანს შეეხება.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის დუმამ პრეზიდენტ პუტინს ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიარებისთვის მიმართა. დეპუტატებმა შესაბამის განკარგულებას დაუჭირეს მხარი.
საპასუხოდ უკრაინის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს რუსეთის მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არალეგალური, ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთანაა დაკავშირებული.
დასავლეთი ვითარების დიპლომატიურ ფარგლებში გადატანას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს.
აშშ და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნები უკრაინას სამხედრო ტექნიკით, აღჭურვილობით და ტყვია-წამლით ეხმარებიან. გარდა ამისა, რუსეთს "არნახული" ეკონომიკური სანქციები ემუქრება აშშ-ის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარები განალაგა, დასავლეთს პირობები წაუყენა:
უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსის გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.
რუსეთი ასევე ითხოვს, ნატოს ჯარები გავიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ, ანუ მანამ, სანამ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებოდნენ.
აშშ-მ და ნატომ რუსეთთან დიალოგი სცადეს. რუსეთის წარმომადგენლები კვლავ ქვეყნის მოთხოვნებს იმეორებენ და ამბობენ, რომ თუ დასავლეთი ამას არ გაითვალისწინებს, შეთანხმება ვერ შედგება. დასავლეთი კი რუსეთის მოთხოვნებს არ ეთანხმება და არც მათ გათვალისწინებას აპირებს.