logo
ENG



იმამკულიევი კობახიძეზე: კარგი იქნება, ასავალ-დასავალში მწერლად წავიდეს

30 სექ 202016:22
3 წუთის საკითხავი
 
j3kg2hoipjmzafm.jpg

ევროპული საქართველოს მარნეულ-გარდაბნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის ბრალდებას პასუხობს და მას ურჩევს, რომ ასავლ-დასავალში დაიწყოს მუშაობა.  იმამკულიევი, რომელსაც კობახიძე საარჩევნო პროვოკატორად მოიხსენებს აცხადებს, რომ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსის ადგილი პოლიტიკაში არ არის.

იმამკულიევი ფორმულასთან საუბარში კობახიძეს მოუწოდებს, კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართოს შსს-სა და პროკურატურას და მოითხოვოს დამნაშავეების დასჯა.

„მე მართლა ვწუხვარ, რომ ბატონ კობახიძეს ასეთი ხუშტურები აწუხებს. ბატონი კობახიძე უნდა მიხვდეს ერთხელ და სამუდამოდ, რომ მე სხვა პარტიის წევრი ვარ, ბატონი ნიკა მელია სხვა პარტიის წევრია. ქართული ოცნების წევრების გაკეთებულ საქმეებს ჩვენ რომ გვაბრალებს და სიცრუეს ავრცელებს... მისი ადგილი არაა პოლიტიკაში. კარგი იქნება, რომ ბატონი კობახიძე ასავალ-დასავალში წავიდეს და იქ იყოს მწერალი. კარგი იქნებოდა რომ გაეცნოს საერთოდ საქმეს - ვინ იმყოფებოდა ადგილზე, ვინ რა გააკეთა, ვინ ესროლა ქვა, ვინ სცემა ჟურნალისტს, ვინ სცემა ადამიანებს", - აცხადებს იმამკულიევი.

იმამკულიევის თქმით, ქართული ოცნება ყველაფერზეა წამსვლელი, რათა საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებები სხვებს გადააბრალოს.

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკანორ მელია და ევროპული საქართველოს წევრი აჰმედ იმამკულიევი "საარჩევნო პროვოკატორებად არიან ჩამოყალიბებულები". 

მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

28 სექტემბერს ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა აჰმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ევროპული საქართველოს აქტივისტს, ტირის თოფი ესროლესფორმულას ეთერში მან განაცხადა, რომ თავდასხმა ბანერის გაკვრის დროს მოხდა. 

თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტი, ჯეიჰუნ მუჰამედალის სცემეს და თავი გაუტეხეს. ის თბილისის ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს. ჟურნალისტმა კლინიკა უკვე დატოვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც დაესხნენ თავს, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს.

მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

ამასთან, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.

ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.

ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.

ხელისუფლებას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდა კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMCგანაცხადეს, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მით უფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. მათივე შეფასებით, საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათი საქმიანობის გამო დაესხნენ.


close დახურვა