logo
ENG



200-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი, მეცნიერი რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანდა

06 მარ 202309:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/06/f23t7jp251c65ch.jpg

საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი და მეცნიერ-თანამშრომელი რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანდა. ლექტორების მიმართვა დღეს საქართველოს პარლამენტის წევრებს გადაეცემა.

ფორმულა განცხადებას უცვლელად ავრცელებს:

"არ მიიღოთ რუსული კანონი - საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერების მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებს.

საქართველოს პარლამენტში დაიწყო რუსული შინაარსის კანონპროექტების განხილვა, რომელიც სპობს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობას - გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი. რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის ნება, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და რომლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა გააკეთონ ყველაფერი ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის.

ამგვარი კანონი არ მოქმედებს ევროპის არც ერთ ქვეყანაში და აზიანებს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საქართველოში მოქმედმა დემოკრატიული ქვეყნების საელჩოებმა არაერთი განცხადება გაავრცელეს. მეგობარი ქვეყნის დიპლომატები პირადადაც შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოუწოდეს, არ მიიღონ რუსული კანონი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალსა და დემოკრატიულ განვითარებას.

დღეს, როცა საქართველო ელოდება ისტორიულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, რუსული კანონის მიღება უკვე მუშაობს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საფრთხეს უქმნის ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას - გახდეს ევროპული ქვეყანა.

ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ თაობების წინაშე, რომელთა მომავალიც შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს როგორც ამ კანონის მიღებამ, ასევე ყველამ, ვინც ხმას მისცემს კანონპროექტს.

ამიტომ შეგახსენებთ, რომ თქვენი არასწორი არჩევანით პასუხისმგებელნი იქნებით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე.
მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, დაიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება - ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი."- წერია განცხადებაში.

* * * 

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.

2 მარტს რუსული კანონპროექტები მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე, აქტივისტებმა გააპროტესტეს. აქციები გაიმართა როგორც პარლამენტის შენობაში, ასევე - გარეთ. დღის ბოლოს 3 აკრედიტებული ჟურნალისტი პარლამენტიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს, გარეთ მიმდინარე აქციაზე კი 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის 2 ჟურნალისტი.
 
მეორე დღეს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ისაუბრეს. ერთ-ერთი დაკავებულის, დავით ჩხობაძის ადვოკატმა, ივანე ჩიტაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციელებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავებისას რამდენჯერმე დაარტყეს ხელი. მოგვიანებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან აქციის ორი მონაწილის მიმართ უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

close დახურვა