logo
ENG



NGO-ები შსს-ს: შეწყვიტეთ აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა

03 მარ 202314:37
3 წუთის საკითხავი
clock 557
NGO-ები შსს-ს: შეწყვიტეთ აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა
ფორმულა/ვახო ქარელი

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულებს მიეცეთ ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებლად არ გახანგრძლივდეს.

NGO-ები ასევე, მიმართავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მოუწოდებენ, რომ დროულად შეისწავლოს მედია წარმომადგენლების და დემონსტრანტების დაკავების/სავარაუდო დაზიანების ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ორგანიზაციების შეფასებით, აქციაზე განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა, პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტრუმენტია, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება. 

"დაკავებულთა ნაწილის უფლებებს ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები იცავენ, თუმცა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი დაბრკოლებები გამოიკვეთა. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის მინიმუმ 15 პირი იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორებში (მონაცემები ზუსტდება). ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მანქანებში ყავდათ და იზოლატორებში მათი შეყვანა მხოლოდ დილიდან დაიწყო. გართულებულია ადვოკატებისათვის და ოჯახის წევრებისათვის დაკავებულთა ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენის საკითხიც, რაც აფერხებს ადვოკატთან შეხვედრის, და შესაბამისად, უფლებების დაცვის შესაძლებლობებს. ზოგიერთი დაკავებული საუბრობს ფიზიკურ დაზიანებებზე, რომლებიც დაკავებისას მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, რა გახდა დაკავებულთა გარკვეული ნაწილის ამ დრომდე იზოლატორებში დაყოვნების საფუძველი და რატომ არ გათავისუფლდნენ ისინი სხვა პირების მსგავსად ღამით, ხელწერილის საფუძველზე.

მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავების და დაკავების შემდგომი პრაქტიკა არის მიუღებელი და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. 

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა;
  • დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები;
  • დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და  დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებელად არ გახანგრძლივდეს. 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

  • დროულად შეისწავლოს მედია წარმომადგენლების და დემონსტრანტების დაკავების/სავარაუდო დაზიანების ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

დაკავებულთა უფლებების დაცვას მომავალშიც გავაგრძელებთ. #არარუსულკანონს!" - ნათქვამია განცხადებაში. 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 
  • უფლებები საქართველო
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG 
  • ქალთა ფონდი საქართველოში
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი 
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • მწვანე ალტერნატივა
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი 
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე პოლიციამ 36 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან სტუდენტები, აქტივისტები.

გუშინვე, 2 მარტს საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს და იურიდიულ კომიტეტს გადასცეს განსახილველად.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.


close დახურვა