სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრები რუსულ კანონპროექტს შემაშფოთებელსა და დემოკრატიასთან შეუთავსებელს უწოდებენ.
ისინი პარლამენტს თხოვნით მიმართავენ, არ მიიღოს ეს კანონპროექტი.
ფორმულა მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ვეხმიანებით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით განსახილველად წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.
ჩვენ, საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სამოქალაქო განათლების ლექტორები და მასწავლებლები ვთვლით, რომ მსგავსი ინიციატივა შეუთავსებელია დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოსთან, მისი მიღება ზიანს მიაყენებს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების არსებობას და ხელს შეუშლის სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებას.
დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს არა რომელიმე ერთი სახელმწიფოს, არამედ კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს. Საქართველო, რომელიც პროგრესული კაცობრიობის ნაწილია, გვერდს ვერ აუვლის ამ ფუნდამენტური მონაპოვრის მიღებასა და აღიარებას. ამ ღირებულებების დამკვიდრებისთვის ბრძოლის გზა ზოგიერთმა სახელმწიფომ ბევრად უფრო ადრე გაიარა და ფასდაუდებელია მათი ძალისხმევა დაეხმარონ ახალი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოებს არსებული გამოწვევების დაძლევაში. ასე მოხდა საქართველოს შემთხვევაშიც, როდესაც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა ქვეყანას უაღრესად უჭირდა, სწორედ დასავლელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა და ინფრასტრუქტურული პროექტი, მოხდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განმტკიცება.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით, ისეთი საქმიანობები, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიის გამყარებას, ადამიანის უფლებების დაცვას, ხელისუფლების გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, კორუფციასთან ბრძოლას, არჩევნებზე დაკვირვებას, დამოუკიდებელ სასამართლოს და ა.შ. - ჩაითვლება არა ქართულ, არამედ უცხოური გავლენის საქმიანობად მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მსგავსი საქმიანობების დაფინანსება განვითარებული სამყაროს დახმარებით ხდება. ყველა ასეთი საქმიანობის განმახორციელებელ პირს მოუწევს გენერალურ პროკურატურაში რეგისტრაციის გავლა, იმ ორგანოში, რომლის ფუნქციაც კრიმინალთან ბრძოლაა და მიენიჭება უცხოელი ძალის აგენტის სახელი. ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ღირსების შემლახველ მოპყრობას, რადგანაც ყველა ზემოთჩამოთვლილი საქმიანობა არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი საქმე. შესაბამისად, შეუძლებელია მას დაერქვას უცხოური გავლენის საქმიანობა და ასოცირდეს კრიმინალთან.
ჩვენი ორგანიზაციების მაგალითზე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წლების განმავლობაში სწორედ განვითარებული სახელმწიფოების ფინანსური მხარდაჭერით შევძელით საქართველოს თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში და სკოლაში სამოქალაქო განათლების კურსის დანერგვა, არაერთი სახელმძღვანელოს და პუბლიკაციის შექმნა, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება, ათასობით სტუდენტს და მოსწავლეს მივეცით შესაძლებლობა უკეთ გაეაზრებინა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, ადამიანის უფლებების მნიშვნელობა, არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობა, აქტიური მოქალაქის როლი და სხვადასხვა აქტივობებით საკუთარი წვლილი შეეტანა არაერთი საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრაში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ჩვენი საქმიანობა წარმოადგენს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დონის საქმეს და არ მივიჩნევთ თავს უცხოური ძალის აგენტებად.
ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს, გაეცნოს ჩვენს წინადადებას და უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგანაც მისი მიღებით საფრთხის ქვეშ დგება საქართველოს, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა".
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.
ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.
მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.
კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს".
28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".
რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.
ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.
კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.