logo
ENG



DRI: ხელისუფლება უხეშად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას

03 მარ 202314:55
3 წუთის საკითხავი
 
DRI: ხელისუფლება უხეშად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
ვახო ქარელი / ფორმულა
ვახო ქარელი / ფორმულა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, ხელისუფლება უხეშად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ასე ეხმაურება DRI გუშინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა და მედიის წარმომადგენელთა დაკავების ფაქტებს.

"DRI-ის შეფასებით, დემონსტრანტების ქცევა არ გასცდენია კანონით დადგენილ ფარგლებს. სამართალდამცავების მხრიდან დაკავების, როგორც უფლების შეზღუდვის რადიკალური ზომის გამოყენება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, ოპოზიციური მედიასაშუალების არაერთი ჟურნალისტის დაკავების ფაქტი, უნდა შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის ფართო სურათში", - აღნიშნულია განცხადებაში.

DRI აღნიშნავს იმასაც, რომ დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლება შეეზღუდათ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მოქალაქეებზე დაშვებული საშვები კი გაუქმდა. ამასთან, პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტის სხდომაზე დაუბრკოლებლად დაუშვეს კანონპროექტის მხარდამჭერები, ხოლო კომიტეტის სხდომაზე შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ საზოგადოებრივი ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედია საშუალებების წარმომადგენლებს, რომლებიც რეპრესიული კანონპროექტის უშუალო ადრესატებს წარმოადგენენ.

DRI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

  • უარი თქვას უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის განხილვაზე; 

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დარჩეს კანონის ფარგლებში და დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება;
  • უარი თქვას ჟურნალისტური საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის მიზანმიმართულად ხელის შეშლაზე.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • დაუყოვნებლივ შეისწავლოს და მოახდინოს სათანადო რეაგირება 2023 წლის 2 მარტს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტებზე და შეამოწმოს სამართალდამცავთა ქცევის სამართლებრივი საფუძველი და კანონიერება".

გუშინ რუსული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენების პარალელურად აქციები გაიმართა პარლამენტში და პარლამენტის გარეთ - ე.წ. ხალხის ძალის მიერ ინიციირებული კანონპროექტები მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე, აქტივისტებმა გააპროტესტეს. დღის ბოლოს 3 აკრედიტებული ჟურნალისტი პარლამენტიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს. პარლამენტის გარეთ მიმდინარე აქციაზე კი 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის 2 ჟურნალისტი.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.


close დახურვა