მემკვიდრეობის პლატფორმა (ICOMOS) და წევრი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, შეწყვიტონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონის განხილვა.
მათი თქმით, ეს კანონი თავისი შინაარსით დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის, მოქალაქეებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისათვის.
მემკვიდრეობის პლატფორმა, რომელიც წევრ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-აღდგენაზე მუშაობს, აცხადებს, რომ მრავალი პროექტის განხორციელება მათ უცხოური დაფინანსებით შეძლეს. მსგავსი კანონის განხილვა კი საერთაშორისო დამფინანსებლების დისკრედიტაციას ემსახურება და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის პრინციპს.
მემკვიდრეობის პლატფორმის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებს:
პარლამენტში დაიწყო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა. კანონის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტად ითვლება ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური რესურსია.
მოგახსენებთ, რომ მემკვიდრეობის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მუშაობენ საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და აღდგენისათვის. საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციები წლების განმავლობაში იზიარებდნენ პლატფორმის წევრი ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებსა და რეკომენდაციებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში. მაგალითისთვის, ევროკავშირის მხარდაჭერით არის შემუშავებული ისეთი ფუძემდებლური დოკუმენტი, როგორიცაა ‘საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025’.
სწორედ რომ უცხოური დაფინანსების მხარდაჭერითა და ჩვენი მუშაობის შედეგად შევძელით:
ისტორიული შენობების, ქუჩების, უბნების რეაბილიტაცია თბილისსა და რეგიონებში; საქართველოს საეკლესიო არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშების რესტავრაცია ფიტარეთსა და იკორთაში; ტრადიციული სამშენებლო ხერხების, ხელოსნობის კვლევა და სწავლება; კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის მოხალისეთა ახალგაზრდული ბანაკების შექმნა; კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოების გზამკვლევების შედგენა; სამუზეუმო სფეროს განვითარების ხელშეწყობა მუზეუმებისა და მუზეუმის პროფესიონალებისთვის სწავლების საერთაშორისო პროგრამების შექმნით, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებითა და კვლევებით; ტრადიციული რეწვის დარგების რეაბილიტაცია,
განვითარება, ოსტატების ხელშეწყობა და პროდუქციის შექმნა; სათემო ორგანიზაციების შესწავლა რეგიონებში და სათემო ინიციატივების მხარდაჭერა და ა.შ.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი კანონის ინიცირება და განხილვა დისკრედიტაციას უწევს დამფინანსებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც, თავის მხრივ, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების გადასახადების დახმარებით ზრუნავენ ჩვენს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კანონი ლახავს ჩვენს პირად და პროფესიულ ღირსებას, რომლის დაცვაც კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული. გარდა ამისა, გვეზღუდება კონსტიტუციით მონიჭებული უფლება: დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციის კურსისათვის, რომელიც ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით გახდა სახელმწიფო სტრატეგიის საყრდენი. კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
მოგმართავთ, შეწყვიტოთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა, რომელიც თავისი შინაარსით დამაზიანებელია საქართველოს სახელმწიფოსათვის, მოქალაქეებისა და მათი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისათვის.
პატივისცემით,
ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
საზოგადოება ბათომი
საქართველოს ეროვნული ფონდი
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია
CDC სათემო განვითარების ცენტრი
ICOM საქართველო
ICOMOS საქართველო
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.
ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.
მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.
კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს".
28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".
რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.
ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.
კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.