არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მმართველი გუნდის მიმართ ევროპარლამენტარების მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.
როგორც ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის კრიტიკული ანგარიშის პროექტის კომენტირებისას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მმართველ გუნდს შეცდომებს აღარ აპატიებენ.
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისას, გარკვეულწილ თემებში წამოიჭრა პოტენციური სანქციები.
„თავისუფალი და თანასწორი არჩევნები ისევე მნიშვნელოვანია როგორც ასოცირების ხელშეკრულებისთვის, ასევე უფრო ფართო ჭრილში საქართველო ევროკავშირის პარტნიორობისთვის. ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო კომუნიკაციების დროს უფრო და უფრო მეტად იყო სკეპტიციზმი, უფრო და უფრო მეტად იყო გარკვეულ საკითხებზე კითხვის ნიშნები და მათ შორის, გარკვეულწილ თემებში წამოიჭრა პოტენციური სანქციები“, - განაცხადა ბენიძემ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი სულხან სალაძე კი მიიჩნევს, რომ სამართლიანი საარჩევნო სისტემით ჩატარება, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი.
„მთელი საზოგადოება თანხმდება, საქართველოს პარტნიორი ქვეყნები, პრაქტიკულად ყველა - სამოქალაქო საზოგადოებაც, ოპოზიციური პარტიებიც, რომ ამ ქვეყანაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი საარჩევნო სისტემით ჩატარება, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი. ის, რაც გასულ წელს ვნახეთ, ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებები და გაეროს ტრიბუნიდან დაპირება მანამდე, რომ სისტემა შეიცვლებოდა ქვეყანაში, ამის გამეორებას ქვეყანაში არავინ არავის აპატიებს“, - აღნიშნა სალაძემ.
ევროპარლამენტი კრიტიკული ანგარიშის მიღებისთვის ემზდება - ანგარიშის პროექტი უკვე მზადაა და მასში 8 მარტის შეთანხმებაც მოხვდა.
დოკუმენტს ევროპარლამენტში 19 მაისს, საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილევენ. მთავარი თემა იქნება - "როგორ ასრეულებს საქართველო ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას".
სვენ მიქსერის ანგარიშის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებზე.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა რვა მარტის შეთანხმების შესრულებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ „ქართულ ოცნებას“ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით მოუწოდა.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარმა ვიოლა ვონ კრამონმა წერილი გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ პანდემიას მმართველი გუნდი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.
რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მმართველ ძალას საქართველოში მოქმედმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ერთიანი წერილით მოუწოდეს. შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება ადამ კინზინგერმაც, ხოლო აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა მოუწოდა ხელისუფლებას, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები.
საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის:
საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.
ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.
მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.