logo
ENG



ლომჯარია: სახელმწიფოს უფლება აქვს, რწმენა შეზღუდოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დასაცავად

16 აპრ 202017:42
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქოს გადაწყვეტილება გაუგებარია სახალხო დამცველისთვის. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ თუ მთავრობის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილება არ შევა, სააღდგომო ლიტურგიაზე შეკრება კანონდარღვევად ჩაითვლება.

სახალხო დამცველის თქმით, კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლება უფლებამოსილია შეზღუდოს რწმენის თავისუფლება მაშინ, თუ საზოგადოებრივ ჯანდაცვას საფრთხე ემუქრება.

„ჩვენ ველოდებით, რომ ან დეკრეტში, ან მთავრობის დადგენილებაში უნდა შევიდეს ცვლილება და ჯერჯერობით, მე როგორც ვიცი, ასეთი ცვლილება მომზადებული არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩაითვლება კანონის დარღვევა. კონსტიტუციაში წერია, რომ რწმენის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და ის შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც საზოგადოებრივი ჯანდაცვა საფრთხის ქვეშაა. სახელმწიფოს ეძლევა უფლება, რომ რწმენა შეიზღუდოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დასაცავად. სახელმწიფომ არ გამოიყენა, ეს უფლებამოსილება“, - აცხადებს ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ.

რაც შეეხება საქართველოში შექმნილ ვითარებას, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

close დახურვა