logo
ENG



სამადაშვილი: 6 საათზე NGO-ების, მედიის, ოპოზიციის კონსულტაცია იქნება, შევაჯერებთ გეგმას

06 მარ 202316:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/06/5hnrdse1juwjxmo.png

ლელოს დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, დღეს, 6 საათზე ოპოზიციის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია კონსულტაციებს გაივლიან და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ბიუროს სხდომის გადადება არ ნიშნავს, რომ პროცესი საბოლოოდ ჩაშლილია და მისივე თქმით, ხვალაც საჭიროა საზოგადოების აქტიურობა.

"დღეს პარლამენტის ბიურო ვერ შეიკრიბა და ვერ შეიტანეს დღის წესრიგში პლენარული სხდომის, რომელიც ხვალ გაიხსნება, რუსული კანონის განხილვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი საბოლოოდ ჩაშლილია, ხვალ 10:00 საათზე ისევ ეცდებიან, რომ შეკრიბონ ბიურო და დღის წესრიგში შეიტანონ რუსული კანონის განხილვა. ამიტომ, პირველი რაც მინდა მოგიწოდოთ, არის ის, რომ ხვალაც იქნება საჭირო აქტიურობა.

ჩვენ ვიქნებით აქ 10 საათზე, მაგრამ ასევე, ვისაც შეუძლია, მნიშვნელოვანია ძალიან, რომ ხვალ პარლამენტთან ქართველი ხალხის ხმა გაიგონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში რუსული კანონის მიღება და ჩვენი ევროპული მომავლის წართმევა სურთ. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა ყველა ინიციატივაში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწყებულ პროცესში იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს წინააღმდეგობის მოძრაობა, ამიტომ დღეს 6 საათზე გაიმართება მნიშვნელოვანი კონსულტაციები არასამთავრობოების, მედიის, პოლიტიკური ოპოზიციის თანამონაწილეობით და ჩვენ ერთობლივად შევაჯერებთ სამოქმედო გეგმას"- ამბობს სამადაშვილი.

დღეს, დილის 10:00 საათიდან კომიტეტზე რუსული კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობდა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში კი ოპოზიციონერ დეპუტატებსა და ქართული ოცნების წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

ოცნების დეპუტატმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი სხდომის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს.

დღესვე, 15:00 საათზე პარლამენტის ბიურო უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ის ხვალ 10:00 საათამდე გადაიდო.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.


close დახურვა