logo
ENG



სამადაშვილი: ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას, თარიღს კონსულტაციების შემდეგ გაცნობებთ

06 მარ 202311:30
3 წუთის საკითხავი
 

პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება ფართომასშტაბიანი აქცია რუსული კანონის წინაარმდეგ, რომლის თარიღსაც კონსულტაციების შემდეგ საზოგადოებას აცნობებს.

"საქართველოს პარლამენტს დღეს აკონტროლებს არა ქართული პოლიცია, არა ქართული სუს-ი, არამედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის თანამშრომლები. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს უკვე, ქართულმა ოცნებამ, ფაქტობრივად, ფარსად გადააქცია ის, რომ მაგალითად, სხდომა იმართება დღეს პირველი რესპუბლიკის დარბაზში იმიტომ, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი დღის წესრიგი, მათ შორის, ამ კანონის მიღების გზით არის, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოშორდეს დასავლური განვითარების გზას.[...] ძალადობას აქვს ადგილი იქ სადაც, არ გამოხატავს პროცესი ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას. მე მინდა საზოგადოებას მივმართო, მხოლოდ მტკიცე ერთიანი ბრძოლით შევძლებთ ამის გაჩერებას. ჩვენ ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას უახლოეს დღეებში, დღეს გაიმართება დამატებით კონსულტაციები ამ თემაზე, ჩვენ გაცნობებთ თარიღს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ადამიანი ვისაც ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს გასაბჭოება არ უნდა დაუშვას შემოუერთდება კამპანიას."- განაცხადა სამადაშვილმა.

* * *

სხდომაზე დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა. დარბაზში ცოტა ხნის წინ მანდატურები შევიდნენ და ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის გიორგი ვაშაძეს, ლევან ხაბეიშვილს, ანი წითლიძეს, სალომე სამადაშვილსა და სხვებს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.


close დახურვა