logo
ENG



სამადაშვილი: ქართულ ოცნებაზე ზეწოლა გაიზრდება

13 მაი 202020:21
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიის წევრები ევროპარლამენტარების მიერ მმართველი გუნდის კრიტიკას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ „ოცნება“ შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში ძალიან დიდ ფასს გადაიხდის.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, მმართველ გუნდზე ზეწოლა გაიზრდება.

„ის ძალიან თავხედური პასუხი, რაც გააგზავნა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი მეგობრების კრიტიკაზე, რომ არ სრულდება შეთანხმება, ამან კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ვნახავთ, რომ „ოცნებაზე“ ზეწოლა გაიზრდება. ივანიშვილი წესით უნდა მიხვდეს, რომ მისი ერთადერთი გამოსავალი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებაა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი კი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს ხელისუფლების დატოვება. 

„როგორც აღნიშნულია ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაში, ქართული ოცნება იქცევა სრულაიდ არაკეთილსაიმედო და დისკრედიტირებულ პარტნიორად საერთაშორისო ასპარეზზე. შეთანხმების არშესრულება ოცნებას ძალიან დიდი ფასი დაუჯდება. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ძალას მოუწევს ხელისუფლების დატოვება. ჩვენი ამოცანაა, ამ პროცესში ქვეყანას მიადგეს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი“, - განაცხადა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა რვა მარტის შეთანხმების შესრულებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ „ქართულ ოცნებას“ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით მოუწოდა.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარმა ვიოლა ვონ კრამონმა წერილი გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ პანდემიას მმართველი გუნდი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.

რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მმართველ ძალას საქართველოში მოქმედმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ერთიანი წერილით მოუწოდეს. შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება ადამ კინზინგერმაც, ხოლო აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა მოუწოდა ხელისუფლებას, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები.

 საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: 

 საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. 

მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“ 
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.

გარდა ამისა, ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.  


close დახურვა