logo
ENG



სირცხვილია რუსულ კანონზე: მისი ამოქმედება ევროინტეგრაციისკენ წინსვლის შეფერხებას ნიშნავს

04 მარ 202320:19
3 წუთის საკითხავი
 
სირცხვილია რუსულ კანონზე: მისი ამოქმედება ევროინტეგრაციისკენ წინსვლის შეფერხებას ნიშნავს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

სირცხვილია რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მისი ამოქმედება საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვისა და წინსვლის შეფერხებას ნიშნავს, "მით უმეტეს, ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია".

სირცხვილია ამბობს, რომ ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა და საზოგადოებას მოუწოდებს გარშემომყოფებს ცნობიერების ამაღლებაში დაეხმაროს, გაავრცელოს ინფორმაცია და ისაუბროს ამ საკითხზე.

"პრორუსული მმართველი პარტია აპირებს მიიღოს რუსული კანონი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ჩაახშოს, დააშინოს, დააპატიმროს და საჯაროდ დაამციროს ქართული სამოქალაქო საზოგადოება და ყველა, ვინც გაბედავს გააკრიტიკოს ხელისუფლება. შემოთავაზებული კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ნებისმიერი პირი, ჯგუფი, ან მედიასაშუალება, რომელიც მოქმედებს საქართველოში და იღებს საერთაშორისო დაფინანსებას, დარეგისტრირდეს, როგორც "უცხოური აგენტი".

თუ ეს კანონი დამტკიცდება, ასიათასობით სოციალურად დაუცველი ქართველი, მათ შორის გაჭირვებული ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ძალადობის მსხვერპლები (განსაკუთრებით ქალები და ბავშვები), ლგბტქ თემი, დევნილები რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, პენსიონერები, უსახლკაროები დარჩებიან პირველადი დახმარების გარეშე. ტერმინი „აგენტი“ უარყოფითი კონოტაციის მატარებელია, რაც, შეიძლება, მნიშვნელოვნად მოქმედებდეს საზოგადოების აღქმაზე. Ხელისუფლების მიზანია “გაშავება”, დისკრედიტაცია და მარგინალიზაცია იმის მტკიცებით, რომ მოქმედი არსამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საზოგადოების გაუმჯობესებაზე მუშაობს, კონტროლდებიან უცხოური სუბიექტების მიერ და ღალატობენ ქვეყნის ინტერესებს. იარლიყი “უცხოური გავლენის აგენტი” დამამცირებელია. კანონის მოთხოვნების Შეუსრულებლობისთვის დაწესებული მკაცრი ჯარიმების მიუხედავად, დაახლოებით 100-მა ორგანიზაციამ უკვე დადო პირობა, რომ არ დარეგისტრირდება როგორც „უცხოური აგენტი“.

რუსული კანონის ამოქმედება ნიშნავს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვისა და წინსვლის შეფერხებას, მით უმეტეს, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია. ამ კანონპროექტით მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან აახლოვებს და, ამავე დროს, აშორებს მას დასავლელი მოკავშირეებისგან. ქართველებს გადაწყვეტილი აქვთ, გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები; მოსახლეობის 84%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის უმთავრეს მიზანს. საქართველოს აქვს ამ მიზნის მიღწევის ისტორიული შესაძლებლობა და ქართველ ხალხს აქვს გადაწყვეტილი მისი რეალობაში მოყვანა. ჩვენ ვართ ძლიერები, თუმცა, თქვენი დახმარება გვჭირდება. გთხოვთ, ისაუბროთ ამ საკითხზე, გაავრცელოთ, განიხილოთ, დაეხმაროთ გარშემომყოფებს ცნობიერების ამაღლებაში და დაუდგეთ გვერდით ქართველ ხალხს. Საქართველოს თქვენი დახმარება სჭირდება და ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს", - წერია განცხადებაში.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.


close დახურვა