logo
ENG



სხდომა, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ, ოპოზიციის დეპუტატებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

06 მარ 202310:26
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში, სადაც რუსული კანონის მორიგი საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობს, ხმაური და დაპირისპირებაა. სხდომათა დარბაზში ცოტა ხნის წინ მანდატურები შევიდნენ.

მანდატურებმა ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის გიორგი ვაშაძეს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილსა და წევრ ანი წითლიძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

გიორგი ბოტკოველის თქმით, მანდატურებმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

"ამათ ჰგონიათ, რომ დღეს ჩვენ იქ ვართ 10-15 ოპოზიციონერი დეპუტატი და შეძლებენ, ასე ქვეყნის გარუსებას, არა! აქ იქნება ბევრი ადამიანი! დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არ მისცემს იმის საშუალებას, რომ გაიტანონ ეს კანონი და გაარუსონ ქვეყანა. ის რომ ფიზიკურად გაგვისწორდნენ, რამეს კი არ ნიშნავს, მე ფეხს ჩამარტყავენ თუ წიხლს ჩამარტყავენ, არა, ამით ურტყავენ წიხლს საკუთარი შვილების მომავალს, მეტი არაფერი. ანრი ოხანაშვილის დავალებით, პუტინის მონის დავალებით, შემოცვიდნენ ერთად, როგორც მანდატურები, ისე გაურვეველი ხალხი, ფიზიკურად გაგვისწორდნენ, ოცნების დეპუტატები ფიზიკურად იწევდნენ ჩვენზე", - ამბობს ენმ-ის წევრი გიორგი ბოტკოველი.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.

2 მარტს რუსული კანონპროექტები მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე, აქტივისტებმა გააპროტესტეს. აქციები გაიმართა როგორც პარლამენტის შენობაში, ასევე - გარეთ. დღის ბოლოს 3 აკრედიტებული ჟურნალისტი პარლამენტიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს, გარეთ მიმდინარე აქციაზე კი 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის 2 ჟურნალისტი.
 
მეორე დღეს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ისაუბრეს. ერთ-ერთი დაკავებულის, დავით ჩხობაძის ადვოკატმა, ივანე ჩიტაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციელებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავებისას რამდენჯერმე დაარტყეს ხელი. მოგვიანებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან აქციის ორი მონაწილის მიმართ უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

close დახურვა