ენმ-ს წევრი, ანი წითლიძე, ფეისბუქზე წერს, რომ მისი ინფორმაციით, დააკავეს და იარაღი ჩაუდეს, ყოფილ ძალოვანს, ამირან ჯანაშიას.
"ცოტა ხნის წინ დააკავეს და ჩვენი ინფორმაციით, იარაღი ჩაუდეს ჩვენს მეგობარს და თანამებრძოლს, ყოფილ ძალოვანს - ამირან ჯანაშიას, რომელიც გვეხმარებოდა სოფელ რუხში. რამოდენიმე დღის წინ თვითონ დაწერა პოსტი, რომ ამაზე ინფორმაცია გვქონდა.მაინც ვერ გაგვაჩერებთ" , - წერს ანი წითლიძე
მოგვიანებით, ოპოზიციის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე, ამირან ჯანაშიას დაკავების შესახებ ისაუბრა ენმ-ს ლიდერმა, ნიკა მელიამ.
"მე მჯერა, რომ ვერაფერი წინ ვერ დაგვიდგება, ვერანაირი უსამართლობა და ვერანაირი იარაღის ჩადება. ერთი საათის წინ ჩვენს მეგობარს, თბილისიდან ზუგდიდში მიმავალს, სენაკისა და აბაშის გზაგასაყარზე მანქანა გააჩერებინეს და ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს, დაახლოებით, ერთი საათია, იმასაც კი ვერ ვიგებთ, სად არის ეს ადამიანი. ეს ის ადამიანია, რომელმაც პირველ ტურში საკუთარ სოფელში 500 ხმის სხვაობით მოიგო არჩევნები ოლიგარქის წინააღმდეგ, ეს არის უსამართლო ბრძოლა ქართული ოცნების მხრიდან, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ და არ ავყვეთ პროვოკაციებს" , - თქვა ნიკა მელიამ.
მომხდარის შესახებ დეტალების გასარკვევად ფორმულა შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია.
სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს, ღამით დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებულია ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავა, ასევე გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს.
თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობში პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას სახლში იარაღი და ხელყუმბარა დაუდეს. რაფავასთან სახლში კრიმინალური პოლიციისა და იმერეთის სამხარეოს თანამშრომლები იყვნენ. გუნავა მომხდარს ქართული ოცნებისთვის არჩევნების გაყალებებაში ხელის შეშლას უკავშირებს.
სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, მიყოლებით, თანამდებობა დატოვეს შსს-ს თანამშრომლებმა რევაზ ლაზიშვილმა, ჭაბუკა რაფავამ, ომარ არქანიამ, რომან ანთიამ და გიორგი ბერიშვილა.