საქართველოში კიდევ ერთი რუსი უფლებადამცველი და პუტინის კრიტიკოსი, დარიანა გრიაზნოვა არ შემოუშვეს.
დარიანა გრიაზნოვა საქართველოში 2021 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს. ის საქართველოში სტამბულიდან ბრუნდებოდა, თუმცა საზღვარზე არ გამოატარეს. გრიაზნოვა მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში იდევნებიან, მათ შორის ევროპულ სასამართლოებშიც იცავს.
როგორც ის ფორმულასთან საუბარში ჰყვება, საზღვარზე ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი. ის ვარაუდობს, რომ მისი არ შემოშვება და დეპორტაცია მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება, ვინაიდან ის პუტინის კრიტიკოსია.
გრიაზნოვას თქმით, საქართველოში პუტინის კრიტიკოს ყოველ მეორე უფლებადამცველს არ უშვებენ. მისი თქმით, საფუძვლიანი ეჭვია, რომ რუსეთსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა.
"საზღვარზე არავითარი ახსნა-განმარტება არ მიმიღია. რა თქმა უნდა, ამ უარს ვუკავშირებ ჩემს პროფესიულ საქმიანობას. საქართველოში არ უშვებენ რუს უფლებადამცველებს. საქართველოს ხელისუფლება ხშირად საუბრობს, რომ ვალდებულნი არიან, შეამოწმონ ქვეყანაში შემოსული ადამიანები, მაგრამ თუ გადავხედავთ რუსეთის მოქალაქეების რიცხვს, რომლებიც თავისუფლად შემოუშვეს და შევადარებთ რუსი უფლებადამცველების რიცხვთან, ვისაც არ უშვებენ ქვეყანაში, გაოგნდებით. ყოველ მეორე უფლებადამცველს არ უშვებენ, ყველა არ საუბრობს საჯაროდ ამაზე...
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, არსებობს გარკვეული სია, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას. წლების განმავლობაში, საჯარო საქმიანობას არ ვეწეოდი, რადგან ვცხოვრობდი რუსეთში, იქ ვიდევნებოდი. ქვეყანა დავტოვე, როგორც კი პირველი ადევნება გაჩნდა. მე მაინტერესებს, საიდან აქვს საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაცია ჩემს შესახებ და ჩემი საქმიანობის შესახებ. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და არასასურველი ხალხის სიებს ერთმანეთს უზიარებენ", - ამბობს გრიაზნოვა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში კრემლის მოწინააღმდეგე სხვა რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტები და უფლებადამცველები არ შემოუშვიათ.
გასული წლის 31 იანვარს საქართველოში რუსი ოპოზიციონერი ლიდერი დმიტრი გუდკოვი არ შემოუშვეს, ასევე 4 თებერვალს არ შემოუშვეს კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი იგორ ეფრიმოვი. მოგვიანებით, 17 თებერვალს საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა რუს ოპოზიციონერს ანდრეი დავიდოვს. 11 მარტს დამოუკიდებელი, აქტივისტური მედიაჯგუფის, "მედიაზონის" ჟურნალისტი დევიდ ფრენკელი საქართველოში არ შემოუშვეს. 19 ივლისს რუსმა ბლოგერმა ალექსეი რომანოვმა Facebook-ზე დაწერა, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს. 4 სექტემბერს საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა კრემლის კრიტიკოსს რუს ფოტოჟურნალისტს ვასილი კრესტიანინოვს. 27 ოქტომბერს უკრაინელმა ჟურნალისტმა, დმიტრი გორდონმა თქვა, რომ საზღვარზე საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. გასული წლის 13 დეკემბერს საქართველოში პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსი მწერალი დიმიტრი ბიკოვი. 13 თებერვალს ფონდ "არა ძალადობას" დამფუძნებელი ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს. 14 მარტს ტელეკომპანია დოჟდის ჟურნალისტი, ალექსანდრა შევჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს.