საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტები ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი არსებულ კრიტიკას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ 8 მარტის შეთანხმების ჩაგდება მძიმედ აისახება საქართველოს ევრინტეგრაციის პროცესზე.
როგორც ექსპერტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ სამომავლოდ მმართველ გუნდზე ევროპარლამენტარებისგან წნეხი გაიზრდება.
„დარწმუნებული ვარ თუ შეთანხმება არ შესრულდება სრულად, წნეხიც, ზეწოლაც, განცხადებებიც, ტვიტებიც და ანგარიშებიც იქნება საკმაოდ ხისტი და მკაცრი, რასაც ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ტალღის სახე მიიღოს და რამე კიდევ უფრო მძიმეში გადაიზარდოს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში თორნიკე შარაშენიძე კი მიიჩნევს, რომ არჩევნები საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიის ტესტია.
„მთავარი ტესტი საქართველოსთვის არჩევნების დემოკრატიაზე არის-ხოლმე. ამიტომ არჩევნებიდან არჩევნებამდე საქართველოს ხელისუფლებას აცდიან-ხოლმე. 8 მარტის შეთანხმება უკავშირდება არჩევნებს. 8 მარტის შეთანხმების ჩაგდება მძიმედ ასახული იქნება ყველაფერზე, მათ შორის ასოციერების შეთანხმების შესრულებაზე. თუ არ შესრულდა შეთანხმება, ყველა ვარიანტში დაკორექტირდება ბუნებრივად და მწვავე ხასიათს მიიღებს.
ევროკავშირი ყოველთვის უფრო მომთმენი იყო საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ თუ ჩათვლიან, რომ გადააგდეს, მათი მოთმინების ფიალაც აივსება. ძალას არ იყენებს ევროკავშირი, მაგრამ სრულიად თავისუფლად შეიძლება, რომ ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე წავიდეს საუბარი“, - განაცხადა შარაშენიძემ.
ევროპარლამენტი კრიტიკული ანგარიშის მიღებისთვის ემზდება - ანგარიშის პროექტი უკვე მზადაა და მასში 8 მარტის შეთანხმებაც მოხვდა.
დოკუმენტს ევროპარლამენტში 19 მაისს, საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილევენ. მთავარი თემა იქნება - "როგორ ასრეულებს საქართველო ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას".
სვენ მიქსერის ანგარიშის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებზე.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა რვა მარტის შეთანხმების შესრულებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ „ქართულ ოცნებას“ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით მოუწოდა.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარმა ვიოლა ვონ კრამონმა წერილი გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ პანდემიას მმართველი გუნდი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.
"ჩემი აზრით, ხელისუფლება კოვიდ-19-ის პანდემიას იყენებს მიზეზად, რომ პოზიტიური ცვლილებებისგან უკან დაიხიოს, რაც ძალიან სამწუხაროა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა. ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დადებული შეთანხმება შესრულდეს და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანია წარიმართოს.
ევროპარლამენტში პოლონეთის დელეგაციის წევრი, ანდჟეი ჰალიცკი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მმართველ ძალას საქართველოში მოქმედმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ერთიანი წერილით მოუწოდეს. შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება ადამ კინზინგერმაც, ხოლო აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა მოუწოდა ხელისუფლებას, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები.
საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის:
საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.
ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.
მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.