logo
ENG



ჩეხეთი ევროკავშირს რუსებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას შესთავაზებს

12 აგვ 202218:37
3 წუთის საკითხავი
clock 466
2022/08/12/lrz51jlxeccrsa9.jpg

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი, რომელიც ასევე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა, გამოვიდა ინიციატივით, რომ სანქციების ახალ, მე-8 პაკეტში რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხი მოხვდეს.

როგორც ლიპავსკიმ აღნიშნა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ვიზების გაუქმება კიდევ ერთი ეფექტური სანქცია იქნება რუსეთისთვის. ცნობილია, რომ ჩეხეთი ამ საკითხს პრაღაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე წარადგენს. შეხვედრა აგვისტოს ბოლოს არის დაგეგმილი.

"რუსეთის აგრესიის დროს, როცა კრემლი ესკალაციას აგრძელებს, საუბარიც კი არ შეიძლება იყოს იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივი ტურისტები იქნებიან", - თქვა ლიპავსკიმ.

რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში შესვლის აკრძალვის საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.

შესაბამისი ინიციატივით დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. ასეთი მოწოდებებით უკრაინის მთავრობის სხვა წევრებიც გამოვიდნენ. ესტონეთმა შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები დახურა. ასევე ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეწყვიტა. ანალოგიური გადაწყვეტილება ბულგარეთმაც მიიღო და რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა.

***

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ ავიაკომპანიებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ფრენები აეკრძალათ, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ახლაც ახერხებენ საზღვარგარეთ მოგზაურობას და ვიზების მოთხოვნას.

მაგალითად, ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს. ფინეთის პრემიერმინისტრის სანა მარინის ინიციატივა ტურისტულ ვიზებს ეხება. სანა მარინის განცხადებით, რუსეთის აგრესიის პირობებში, ამ ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალი და უპრობლემო მოგზაურობა ევროპაში არ უნდა გაგრძელდეს. მარინი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ამ საკითხზე ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"არასწორია, რომ იმ დროს, როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ, სასტიკ ომს ევროპაში, მისი მოქალაქეები ახერხებენ ნორმალურ ცხოვრებას, ევროპაში მოგზაურობას, ტურისტებად ყოფნას. ეს არასწორია", - თქვა მარინმა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეები საქართველოშიც დიდი რაოდენობით ჩამოდიან, მათ შორის არეგისტრირებენ ბიზნესებს. ფაქტი სამოქალაქო საზოგადოებაში აღშფოტებას იწვევს, თუმცა ქართული ოცნება რუსი ვიზიტორების სიმრავლეში პრობლემას ვერ ხედავს. მაგალითად  ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს არაერთხელ გამოესარჩლა, მათ მიმართ ნეგატიურად განწყობილ საზოგადოებას "ქსენოფობები" უწოდა და განაცხადა, რომ "[რუსებისთვის] ვიზების მოთხოვნის უკან დგას ერთი მიზანი - ჩართონ საქართველო სამხედრო კონფლიქტში".


close დახურვა